სახალხო დამცველის ოფისი მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებებს შეისწავლის

სახალხო დამცველის ოფისი „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ, პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს შეისწავლის.
ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენის თქმით, მასთან უშუალო შეხვედრის დროს რაიმე მუქარის შემცველი წერილის არსებობის შესახებ არც მამუკა ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს არ უსაუბრიათ.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გაიგო. „მე შევხვდი მამუკა ხაზარაძესა და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს. ვისაუბრეთ ამ საკითხების გარშემო. ვფიქრობ, რაც ჩვენ მოვისმინეთ როგორც შეხვედრის დროს, ასევე გუშინ საპარლამენტო-საკომიტეტო განხილვაზე, ნამდვილად არის ის საკითხები, რაც ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის ქვეშ, ამიტომ სახალხო დამცველმა და ჩვენმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ამ საკითხის შესწავლა რამდენიმე მიმართულებით. თუმცა, ამ ეტაპზე გვჭირდება დამატებითი ინფორმაციები შესაბამისი უწყებებიდან. ამის შემდეგ უკვე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ. ასევე არ გამოვრიცხავთ, ვიფიქროთ, იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ამ პირების მიმართ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, თუმცა ამისთვის გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია და უკვე დაწყებული გვაქვს ინფორმაციის მოძიება. როდესაც შევხვდით მამუკა ხაზარაძეს, წერილის ფაქტი არ უხსენებია, ჩემთვისაც გუშინ გახდა მედიის საშუალებით ცნობილი და ყველანი ველოდებით, რომ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი. ასევე მზად ვარ, რომ ამ შესწავლის პროცესში გავეცნობი წერილს, თუკი ასეთი არსებობს, მათ შორის იმ ფორმით, რა ფორმითაც ისურვებს თავად განმცხადებელი”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები