დავით სერგეენკო: სოციალური მუშაკები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მარტო იყვნენ, სამინისტროსთან უკუკავშირი სუსტი იყო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სოციალური მუშაკების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, სანზონაში, ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალებამ ცხადყო, რომ დაგეგმილი ცვლილებები დაჩქარებულად უნდა განხორციელებულიყო.
„წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი ცვლილება, რაც დაგეგმილი იყო და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვნად სწრაფად. მე მოგახსენებთ რა პრობლემა დავინახეთ ამ მხრივ – სოციალური მუშაკები აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში რეალურად მარტონი, რაიმე ეფექტური უკუკავშირი სამინისტროსთან, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი. ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთი თვის წინ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, სადაც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ამ საბჭოს მინისტრი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმურად შეხვედრები თვეში ერთხელ არის წინასწარ გაწერილი, შესაძლებელია მისი ნებისმიერი სიხშირით მოწვევა. ბოლო თვის განმავლობაში ეს საბჭო ორჯერ იყო მოწვეული“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები