დავით სერგეენკო: 2025 წლისთვის ერთ სოციალურ მუშაკს 50 საქმეზე მეტი აღარ უნდა ჰქონდეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოდის. როგორც მან სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, 2025 წლისთვის ერთ სოციალურ მუშაკს 50 საქმეზე მეტი აღარ უნდა ჰქონდეს.
„2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა იყო 171, 2018 წელს მათი რაოდენობა 244-მდე გაიზარდა, 2019 წელს კი დაგეგმილია 50 მუშაკის დამატება და მათი რაოდენობის თითქმის 300-მდე გაზრდა. ეს არ არის მხოლოდ სამინისტროს კეთილ ნებასა ან შიდა გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ეს კანონის ნაწილია, მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტის კანონის და უნდა მოხდეს შესაბამისი უზრუნველყოფა, რათა შევძლოთ ამ თანამშრომლების უზრუნველყოფა არა მარტო ხელფასით, არამედ შესაბამისი სამუშაო პირობებით.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია სოციალური მუშაკებისთვის ოპტიმალური სამუშაო გარემოს შექმნაზე, რათა სრულყოფილად და უწყვეტად აღვასრულოთ მთავარი მიზანი – ბავშვთა კეთილდღეობის მხარდაჭერა.
რაც შეეხება სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას, 2021 წელს თვითმმართველობებშიც გაჩნდებიან სოციალური მუშაკები, 2025 წელს კი, ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი. ერთ-ერთი წუხილი, რაც სოციალურ მუშაკებს აქვთ, არის ის, რომ 2025 წლამდე ამოქმედდეს ეს რეგულაცია, როდესაც 50 საქმეზე მეტი არ ექნებათ. ეს დოგმატურ თემად არ მეჩვენება, ესეც კონსულტაციების საკითხია, თუმცა ასე ხისტად ნამდვილად გაჭირდება, რადგან პირველ რიგში, გასაკეთებელია ძალიან მკაფიო დეფინიცია, რას ნიშნავს ერთი საქმე, ერთი ბენეფიციარი, ერთი აქტივობა თუ რა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები