დავით ზალკალიანი რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ქალაქ ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეხვედრა გამართა.

მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა რუმინეთში მასპინძლობისთვის, სადაც გაფორმდა დეკლარაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარშრუტის, კასპიის ზღვისა და შავი ზღვის, შემდგომ აქტიურ რეალიზაციას უნდა შეუწყოს ხელი.

მხარეები ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის თავმჯდომარეობას მიესალმნენ. ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი, რომელსაც როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში არაერთი ღონისძიება მიეძღვნება. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ფორმატის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღწეული შედეგების შეფასებისა და თანამშრომლობის სამომავლო მიზნების განსაზღვრის აუცილებლობას. რუმინეთის მხრიდან საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მაღალი შეფასება მიეცა. აღინიშნა, რომ საქართველო გატარებული რეფორმებითა და პროგრესით მოწინავეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

მინისტრებმა საქართველო-რუმინეთის ორმხრივ ურთიერთობებს დადებითი შეფასება მისცეს. ხაზი გაუსვეს ამ ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე განვითარებისა და მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთგაცვლის აუცილებლობას.

მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ასევე აქტიურად ითანამშრომლოს ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისათვის, განსაკუთრებით, ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ, დადებითი შეფასება მიეცა რუმინული ავიაკომპანია ,,ტარომის” მიერ საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ რეისებს და დაინტერესება გამოიხატა, გაიზარდოს ფრენების სიხშირე. რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები