“სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით ცდილობდა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში 2 პირის გადაყვანას” – სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციისა და საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“-ს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1963 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ა. მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით ცდილობდა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, 1978 წელს დაბადებული ი.ო-ს და 2000 წელს დაბადებული მ.დ-ს უკანონოდ გადაყვანას.
“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 19-344 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.