მამუკა მდინარაძე: ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძეს დღეს უნდა დაესახელებინა ამ წერილის შინაარსი, ან უნდა წარმოედგინა თავად ეს განცხადება
სამწუხაროა, რომ ახალი თემის შემოტანით, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ სრული ინფორმაცია, მიუხედავად მცდელობისა, ვერ მივიღეთ, მოხდა მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ “თი ბი სი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის კომიტეტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, მდინარაძე თქმით, როდესაც მამუკა ხაზარაძე თავს იკავებს აღნიშნული წერილის შინაარსზე საუბრისგან, ჩნდება კითხვის ნიშნები.
„სამწუხაროა, რომ ახალი თემის შემოტანით, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ სრული ინფორმაცია, მიუხედავად მცდელობისა, ვერ მივიღეთ, მოხდა მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა. ჩვენ სამწუხაროდ, რამდენიმე კითხვაზე დღეს პასუხი ვერ მივიღეთ და იმედია, რომ მომდევნო პერიოდში გვექნება საშუალება, რომ ამასთან დაკავშირებით მივიღოთ ინფორმაცია, მათ შორის გამოძიების შედეგების მიხედვით. როდესაც ამ განცხადების ავტორი ამბობს, რომ იყო მუქარის შემცველი წერილი კონკრეტული პირისგან, მან უნდა დაასახელოს დრო, ადგილი, საშუალება და შინაარსი. როდესაც ამაზე თავს იკავებს, მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება. მე ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძეს დღეს უნდა დაესახელებინა ამ წერილის შინაარსი, ან უნდა წარმოედგინა თავად ეს განცხადება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, რატომ არ წარადგინა მამუკა ხაზარაძემ მუქარის შემცველი წერილი პროკურატურაში ამ დრომდე.
„აღმოჩნდა, რომ პროკურატურაში მან ზოგადად ისაუბრა, თუმცა კონკრეტული მითითებები, ისეთიც კი, როგორიც დღეს გააკეთა, მას პროკურატურაში არ გაუკეთებია. რატომ არ წარადგინა მან პროკურატურაში ეს წერილი დღემდე – ეს კითხვაც დარჩა პასუხგაუცემელი. როდესაც ჩვენი კითხვაც და თხოვნაც მდგომარეობდა იმაში, რომ წარმოედგინა წერილი და უფრო დეტალურად განემარტა, ამაზე ბატონმა მამუკამ, სამწუხაროდ, უარი განაცხადა. ამიტომ ამის იქით ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ,“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.