ზურაბ აბაშიძე: პარლამენტში კანონმდებლებთან საქმიანი და სასარგებლო შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს დახურულ ფორმატში მოუსმინეს.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ეს იყო საკმაოდ დეტალური საუბარი იმ საკითხებზე, რაც პარლამენტარებს აინტერესებთ.
„ვფიქრობ, საერთო ჯამში, ეს იყო საქმიანი, ურთიერთსასარგებლო შეხვედრა. თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში ხელისუფლებასა და ოპოზიაციას შორის იქნება აზრთა ერთიანობა, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ამ პროექტის რეალიზაციისათვის”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან მიმართებაში გვაქვს რეალისტური ხედვა.
„სიტყვა პროგრესი, წინსვლა, გაუმჯობესება არ გვიხსენებია. ჩვენ ვამბობთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები არის შესული ჩიხში, მიმდინარეობს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია, იქ ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, გვაქვს ამ ქვეყანასთან ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები, გვაქვს ჰუმანიტარული ურთიერთობები, ტურიზმი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავუხატოთ რეალური სურათი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებობს. ამიტომ გვაქვს პარტიორებთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმი და გვაქვს მათი სრული მხარდაჭერა “, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები