ჩხეიძე ხაზარაძეს: სოლიდარული ვარ თქვენ მიმართ, მაგრამ, როგორც ჩანს, ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ

გვაბრალებდა ბიზნესმენი, რომ ბანკი დაკეტილი იყო და თანხა იყო გატანილი. გარწმუნებთ, არანაირ დაკეტილ ბანკში თანხა არ გაგვიტანებია ,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე “ომეგას“ საქმესთან დაკავშირებით ნატო ჩხეიძის საპასუხოდ განაცხადა.
ნატო ჩხეიძის თქმით, „ომეგას“ საქმეზე დირექტორებმა თანხა, მისი ზარით, დაკეტილი ბანკიდან გაატანეს.
„არანაირი ზარი ჩემთან, რომ ამას მიეცი თანხა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ ყოფილა. დავინტერესდი ამ თემით, მოვიწვიე შიდა აუდიტი. გვაბრალებდა ბიზნესმენი, რომ ბანკი დაკეტილი იყო და თანხა იყო გატანილი. გარწმუნებთ, არანაირ დაკეტილ ბანკში თანხა არ გაგვიტანია. თანხა გაიტანეს თქვენმა დირექტორებმა თქვენივე ხელმოწერით. დაბრალებას, რომ კომპანიის ანგარიშიდან დირექტორმა თანხა რატომ გაიტანა, ის რომ ჩვენ უდნა გაგვეკონტროლებინა მას ეს თანხა ეკუთვნოდა თუ არა, ვერ მივიღებ. ვერც იმას მივიღებ, რომ მე ვინმეს დავურეკე. ასეთი პრაქტიკა ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ნატო ჩხეიძის თქმით, მამუკა ხაზარაძეს სიმართლის თქმა მოუწევს.
„ერთი რამ ნიშანდობლივი იყო ჩემთვის. ამ ორკესტრირებული შეტევის ერთი გვარი დაასახელეთ თქვენ – გახარია, და 2016 წლის 21-22 აპრილს, თქვენი ბანკის მიერ უკანონოდ გაცემული, თქვენზე იძულების გამო, ორკესტრირებული შეტევის ორკესტრანტი ერთ-ერთი სწორედ გახარია გახლდათ. ახლა რასაც ამბობთ, რომ დირექტორების მიერ იყო გატანილი, დიახ, მაგრამ მშვენივრად იცით, თქვენ და თქვენ ბანკს არ ჰქონდა უფლება ეს თანხა გაეტანა. ბანკის თანამშრომლები ამას არც აკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ მისცა დავალება, ხოლო ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ.
ძალიან ცუდია ბატონო მამუკა, რომ მთელი პასუხისმგებლობით ახლა ამას აცხადებთ. სამწუხაროდ, თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ, სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა. სოლიდარული ვიყავი თქვენ მიმართ და დავრჩები სოლიდარული, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ. სამწუხაროდ, ასე გამოდის. რა დავაშავე თორემ, ძალიან ცუდია, მთელი პასუხისმგებლობით ტყუილს რომ ბრძანებთ და გასაგებია რატომაც. მაგრამ თქვენ უკვე გაბედეთ და დაასახელეთ ორკესტრის ერთი წევრი, სხვათა შორის, „ომეგამ“ ორკესტრის ყველა წევრი დაასახელა თავის დირიჟორთან ერთად, მაგრამ პროკურატურაში ის საქმე გაჩერებულია და თქვენამდე არც მოსულან და არც მოვლენ“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავისთვის აღნიშნულ საკითხზე დავალება არ მიუცია.
„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, გიყურებთ თვალებში, ქალბატონო ნატო, თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს რამე დავავალე, არის ტყუილი. ლონდონით ნუ გვაშინებთ. ლონდონის მისამართიც ვიცით ძალიან კარგად“, – მიმართა ხაზარაძემ ჩხეიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები