მამუკა ხაზარაძე: ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ამ კაცთან ურთიერთობით ძალიან ვამაყობ

“ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ მასთან ურთიერთობით”, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მან ავთო წერეთელს თხოვნით მიმართა, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა 17 მილიონი.
„ავთო წერეთელს თხოვნით მივმართეთ, რომ სასწრაფოდ გვჭირდებოდა 17 მლნ. ბუნებრივია, კითხვა დაისვა, რატომ გჭირდებათ. ავუხსენით და ვუთხარით, რომ გვჭირდება თქვენგან მოკლევადიანი სესხი, რათა ეს თანხა ჩაირიცხოს.
ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ ამ კაცთან ურთიერთობით, რამეთუ არაერთხელ, როცა დაგვჭირვებია, ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას როცა ვხსნიდით, „ბატა“ იყო ეს, „ბაბილონი“ თუ პირველი დისტრიბუციები, რითაც დავიწყეთ ჩვენი ბიზნესი, ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ძალიან ვაფასებ, რადგან ვფიქრობ, თუ ბიზნესი საერთოდ დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევის დონეზე ურთიერთობებს, ძალიან წაადგება ეს ყველაფერს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ავთანდილ წერეთლისა და მისი კომპანიისგან სესხი ძალიან ბევრჯერ აუღია.
„მე არაერთხელ ამიღია ავთოსგან და მისი კომპანიისგან სესხი და, რა თქმა უნდა, ეს სესხები არ ყოფილა არასდროს დაკავშირებული „თი-ბი-სი ბანკთან“ და არც არასდროს არ დამისვამს კითხვა. აქვე მინდა გითხრათ, რომ არასდროს არც ერთი ბიზნესი „თი-ბი-სი ბანკს“ არ ჰქონია არაპროფილური. ვერც ერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ, რომ „თი-ბი-სი ბანკს“ ინვესტირება გაეკეთებინოს იმ ბიზნესებში, რომელშიც მე და ბადრი ჯაფარიძე ვიყავით აქციონერები. აი ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები „თი-ბი-სი ბანკს“ არ ეხება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ავთო წერეთლის კომპანიები „სამგორი ემ“ და „სამგორი თრეიდი“ „თი-ბი-სი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში ფიგურირებენ. გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის აპრილ-მაისში – ,,თი-ბი-სი ბანკმა“ კომპანიებზე „სამგორი ემ”-სა და „სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი, იმავე დღეს კი, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ამ კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით. თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თი-ბი-სი ბანკმა“: აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია; საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა; არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა; არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები