“ჩერნოვეცკის ფონდის” დახმარებით, 82 წლის ბეჟან ჯოხაძემ და 81 წლის კლარა გეგეშიძემ ჯვარი დაიწერეს

“ჩერნოვეცკის ფონდმა” 82 წლის ბეჟან ჯოხაძისა და 81 წლის კლარა გეგეშიძის ქორწინების კურთხევას გაუკეთა ორგანიზაცია, რომლებმაც ოჯახი 40 წლის წინ შექმნეს.
ბეჟან ჯოხაძე პროფესიით ენერგეტიკოსია, ხოლო მისი მეუღლე – ტექნოლოგი. მთელი შეგნებული ცხოვრება ისინი წამყვან საწარმოო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, ხელმძღვანელობდნენ მნიშვნელოვან პროექტებს, დაიმსახურეს საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული. მოხდა ისე, რომ მათ არ ჰყავთ შვილები, ხოლო ხანდაზმულობის ჟამს, უამრავმა ავადმყოფობამ იჩინა თავი.
როგორც “კვირას” “ჩერნოვეცკის ფონდიდან” აცნობეს, ბეჟანმა გადაიტანა ინსულტი, მიჯაჭვულია საწოლს, დაავადებულია კანის ინფექციით, ხოლო მის მეუღლეს აღენიშნება გულის უკმარისობა. ჩერნოვეცკის ფონდის მედპერსონალი სისტემატურად აკონტროლებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უტარებს სამედიცინო პროცედურებს და ამარაგებს მედიკამენტებით.
„ძალიან დიდი ხანია, ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. ძალიან განვიცდიდი ყოველივე ამას და ახლა ნამდვილად რომ ბედნიერი ვარ“,- გვითხრა ქალბატონმა კლარამ.
ფონდის დირექტორის, ელენე პოლიშუკის თქმით, „შინ მოვლის“ პროგრამა უკვე წლებია არსებობს.
„უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩერნოვეცკის ფონდი ორგანიზებას უკეთებს „შინ მოვლის“ პროგრამის ხანდაზმულ ბენეფიციართა ქორწინების კურთხევას. ბევრი მათგანი საწოლს არის მიჯაჭვული. ამ ადამიანებს არ შესწევთ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი და ვერ დადიან ტაძრებში. მღვდელმსახურები რეგულარულად სტუმრობენ ჩვენს ბენეფიციარებს, აძლევენ მათ ზიარებისა და აღსარების შესაძლებლობას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ეკლესიას შორის კეთილი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოძღვარს, მამა თომა ცეცხლაძეს, რომელმაც აკურთხა ჩვენი ბენეფიციარების ქორწინება“, – განაცხადა ფონდის დირექტორმა, ელენე პოლიშუკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები