2018 წელს, პირველად დაცული ტერიტორიების სააგენტოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდული რაოდენობის – 1 130 462 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მათ შორის 53% ქართველია, ხოლო 47% უცხოელი.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: პრომეთეს მღვიმეს; მარტვილის კანიონს; ყაზბეგის ეროვნულ პარკს; თბილისის ეროვნულ პარკს და ოკაცეს კანიონს. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ესტუმრა.
2018 წლის განმავლობაში, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული თანხა – 8 417 991 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
სამინისტროს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების სააგენტო 2019 წლის ეკოტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. საქართველოს ეროვნულ პარკებში ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ვიზიტორებისთვის კიდევ ერთი ახალი ეკოტურისტული მიმართულება – ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნება, სადაც ეკოტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები