“ბიბლუსის” გალერეაში მარიამ ადამაშვილის წიგნის – „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში (საქართველო 2003–2013)“ წარდგენა გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “ბიბლუსის” გალერეაში ჟურნალისტის, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის მარიამ ადამაშვილის წიგნის – „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში (საქართველო 2003–2013)“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას მედიის, პოლიტიკის, სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტები და სტუდენტები დაესწრნენ. მედიისა და პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის წიგნის რეალიზაცია ბიბლუსის სხვადასხვა ფილიალში მოხდება.
ნაშრომი ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებაში პირველი ცდაა, გამოკვლეულ იქნას საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, განისაზღვროს მედიის როლი პოლიტიკურად კრიზისული სიტუაციების გაშუქებისას, ასევე, დადგინდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე მისი ზეგავლენა.
საქართველოში მიმდინარე გარკვეული პროცესები დასავლურ მედიასივრცეში საკმაოდ ვრცლადაა განხილული, თუმცა ეს ნაშრომი ინგლისურენოვანი თუ სხვა უცხოელ ავტორთა შეფასებების თავმოყრისა და კომენტირების პირველი მცდელობაა. ეს არის პირველი კვლევა, თუ როგორ აშუქებდნენ დასავლეთის ბრენდ-მედიაორგანიზაციები 2003-2013 წლებში საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ კრიზისებს.
წიგნი მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების საკითხსაც ეხება, რაც დღემდე სისტემური და ობიექტური კვლევის საგნად არ ქცეულა საქართველოში. მასში, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, განხილულია ქართული მედიასივრცის პრობლემები და მისი განვითარების ტენდენციები 2003–2013 წლებში.
ნაშრომში მნიშვნელოვანია მასმედიის როლის საერთო კონტექსტში განხილვა და არა მისი სეგმენტური შესწავლა, ანუ მედიის კვლევაში სიახლედ უნდა მივიჩნიოთ მედიასივრცის შესწავლა არა თავად მედიის პრიზმით, არამედ პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისითაც.
თანამედროვე სამყაროში დიდი ყურადღება ეთმობა მედიის საკითხების კვლევას, მისი განუზომელი როლის გამო. ქართული მედია კი, ამ მხრივ, ყურადღების მიღმა დარჩა, ის სისტემური და ობიექტური კვლევის საგნად დღემდე ვერ იქცა. მონოგრაფია “მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში” სწორედ ამ პრობლემის გამოსწორების დაწყების მცდელობაა.
წიგნის წარდგენა პირველად ლონდონში გაიმართა, სადაც აღნიშნულ ღონისძიებას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიურმა საზოგადოებამ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ნაშრომის წარდგენა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ინგლისში მოღვაწე ჟურნალისტის, გიორგი ლალიაშვილის, ასევე, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს, სამეფო აზიური საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.
ლონდონში აღნიშნულ წიგნს მაღალი შეფასება მისცეს და გამოითქვა აზრი, რომ როგორც მაღალპროფესიულად შესრულებული ნაშრომი, იგი უნივერსიტეტებში, სადაც მედიას ასწავლიან, დამკვიდრდეს როგორც სასწავლო ლიტერატურა და ასევე, ითარგმნოს ინგლისურად და სხვა კლასიკურ ენებზე, რათა მისი გაცნობა ხელმისაწვდომი გახდეს დასავლური მედიის, პოლიტიკისა და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტებისთვის.
მოწვეული სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ მარიამ ადამაშვილი ზუსტად შენიშნავს და გადმოსცემს თავის წიგნში განსხვავებას ქართულ და დასავლურ პოლიტიკურ სისტემებს შორის, სადაც მედია ხელისუფლებისთვის უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობის აწყობის, ხოლო საქართველოს ტიპის ქვეყნებში აგიტაციის, პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალებაა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები