ეკა ბესელია: კონსულტაციები გრძელდება ყველასთან, ვინც სამართლიანობის იდეის ქვეშ ერთიანდება

დეპუტატი ეკა ბესელია ზვიად კვაჭანტირაძის უმრავლესობიდან წასვლის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ვინც სამართლიანობის იდეის ქვეშ ერთიანდება, მათთან კონსულტაციები გრძელდება.
დეპუტატის შეფასებით, პარლამენტში ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროცესი მიმდინარეობს.​
„ზვიად კვაჭანტირაძე ჩემი მეგობარი და თანამოაზრეა, ჩამოვა საქართველოში და განცხადებას თავად გააკეთებს. ჩვენ მის წასვლამდე საუბარი გვქონდა და შემიძლია გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში ჩვენთან ერთად იქნება, როგორც გამოცდილი, გამორჩეული თანამებრძოლი და ძალიან კარგი დიპლომატი. მისი გამოცდილება და შესაძლებლობები ნამდვილად ძალიან საჭირო იქნება ბრძოლისთვის, რომელიც სამართლიანობის იდეის ქვეშ ერთიანდება. კონსულტაციები გრძელდება ყველასთან, ვინც ამ იდეის თანამოაზრეა. ახლა სახელებისა და გვარების დასახელებას ვერიდები. რაც შეეხება იდეას და შინაარსს, რამაც უნდა გააერთიანოს თანამოაზრეები, ეს არის სამართლიანობა და გამართული მართლმსაჯულება, რომელიც ყველაფრის გარანტიაა, რათა ქვეყანა ძალიან მყარ დემოკრატიულ რელსებზე იყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
​მისივე თქმით, თუ ის ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს დაიწყებს, ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს. ამიტომ მან ოპონენტებს ურჩია, რომ ამ საკითხზე არ წააქეზონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები