სოფიო ქაცარავა: საქართველოს არ გააჩნია „ცუდი მმართველობის” პრობლემა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ტომას დე ვაალის Politico-ზე გამოქვეყნებულ 20 თებერვლის სტატიას – „რუსეთი არ არის აღმოსავლეთ ევროპის პრობლემა“, – ამავე საიტზე ეხმაურება.
მისი მოსაზრების თანახმად, აღნიშნული მოსაზრება, რომ რუსეთი უფრო ნაკლები საფრთხეა, ვიდრე „ცუდი მმართველობა და არაფორმალური ძალის ბოროტად გამოყენება“, ერთმნიშვნელოვნად მცდარია.
“Politico-ს 20 თებერვლის სტატიის, „რუსეთი არ არის აღმოსავლეთ ევროპის პრობლემა“, ტრადიციულად გამჭრიახ ავტორს, როგორც ჩანს, ფოკუსი აერია. მისი შეფასება, რომ რუსეთი არის უფრო ნაკლები საფრთხე, ვიდრე „ცუდი მმართველობა და არაფორმალური ძალის ბოროტად გამოყენება“, არის ერთმნიშვნელოვნად მცდარი.
ეს სამწუხარო არგუმენტი იმდენად სასიამოვნო იქნება მოსკოვისთვის, რამდენადაც დამაზიანებელი ევროპისთვის. ეს არგუმენტი იმედს გაუცრუებს დევნილებს და ლტოლვილებს, რომლებიც იძულებით იქნენ განდევნილნი საკუთარი სახლებიდან რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის შედეგად. ეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც რთული გზა განვლეს და შეძლეს მძიმე ისტორიული რეალობიდან თავის დაღწევა.ფაქტები სრულიად განსხვავებულ სურათს წარმოაჩენენ. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მონაცემების მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს. ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 82 ქვეყნიდან მე-7 ადგილზეა, ხოლო ჰერითიჯის ფონდის ინდექსის მიხედვით – მე-17-ზე.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები საქართველოს ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულის რიგებში აყენებენ, როდესაც ეს ეხება კანონის უზენაესობას, კორუფციის კონტროლს, მთავრობის ეფექტურობასა და რეგულაციების ხარისხს. ეს მიღწევები აშკარად არ არის „ცუდი მმართველობის“ შედეგი.
საქართველო ძირითადი სავაჭრო ჰაბია, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და თურქეთთან გააჩნია.
ამის მიუხედავად, ტომას დე ვაალი არასწორ თეორიას ავითარებს, თითქოსდა შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს ახალ პორტს – ანაკლიას საფრთხეს შიდა პოლიტიკა და არაკეთილმოსურნე გარე აქტორები უქმნიან.
დე ვაალი ირონიის გარეშე ასევე აღნიშნავს, რომ გარე არაკეთილმოსურნეებს შორის იგივე რუსეთია, რომლის უარყოფითი გავლენაც მან სტატიის დასაწყისში გამოტოვა. მათ რიცხვში არიან შავ ზღვაზე კომერციული პორტით დაინტერესებული სხვა კონკურენტებიც. თუმცა, რატომ უნდა იყოს სხვანაირად? საქართველო მიესალმება მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას, რომელიც, როგორც ამბობენ, კეთილდღეობას და განვითარებას მოიტანს, რაც ყველა მხარისათვის მომგებიანი იქნება.
ასევე, ტომას დე ვაალის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ანაკლიის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი „თი-ბი-სი ბანკი“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას დათანხმდა, რომელიც 2007-2008 წლებში ტექნიკური სამართლებრივი დარღვევის გამო დაეკისრა, რომელშიც გარეული იყო ბანკის ორი ხელმძღვანელი. სინამდვილეში, ამ საკითხის ირგვლივ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დადებით კონტექსტში მოიხსენია “თი-ბი-სი ბანკის” კარგი მენეჯმენტი, კორპორატიული მმართველობის მაღალი ხარისხი და ბიზნესგამჭრიახობა.
ანაკლიის პროექტი გაგრძელდება და წარმატებას მიაღწევს მისი ადგილმდებარეობის, უპრეცედენტო შესაძლებლობების, დიდ ბაზრებზე წვდომის, საქართველოს მეტად სახარბიელო ბიზნესგარემოსა და კარგი მმართველობის წყალობით. სწორედ ამიტომაა იგი „ქართული ოცნების“ მონაცვლე მთავრობების პრიორიტეტი”, – აღნიშნავს სოფიო ქაცარავა სტატიაში.