იტალიაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა
იტალიაში საქართველოს საელჩოს, რომის სომელიეთა ასოციაციის ,,დივინამენტე რომა”-ს და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია – ,,ყველაფრის დასაწყისი” გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, ვრცლას ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ.
საღამოს ფარგლებში, ეროვნული ღვინის სააგენტოს წარმომადგენელმა, გიორგი თევზაძემ საზოფადოებას ქართული ღვინის უძველესი ისტორია და ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო. დეგუსტაციაზე 4 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომდეგუსტაციაზე ქართულ ღვინოებთან ერთად იტალიელი და ბერძენი მეღვინეების ქვევრებში დამზადებული ღვინოები დაგემოვნდა. მათ შორის, ცნობილი იტალიელი მეღვინისა და ევროპაში ქართული ქვევრისა და ქართული ტექნოლოგიის პიონერის, იოსკო გრავნერის ,,რიბოლა” გახლდათ, რომელიც მისმა ქალიშვილმა, მატეია გრავნერმა წარმოადგინა.
ღონისძიებას სომელიეები, იტალიური ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.