პრეზიდენტი: ნებას, ვიცხოვროთ ერთიან სახელმწიფოში, კიდევ ახალ ძალას შევასხამთ
დღეს მინდა თბილისიდან მადლობა ვუთხრა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა ნების საფუძველზე აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანი სახელმწიფო შევქმენით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე, საზოგადოების და შეირაღებული ძალებისადმი მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ნებას, ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში, მთავრობა კიდევ ახალ ძალას შეასხამს და არც ერთი წამით არ გააჩერებს ამ მიმართულებით მოძრაობას.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. 1918 წელს, 26 მაისს ჩვენმა წინაპრებმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და მაშინ ქვეყნის მოწყობის ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა დასახეს. მაშინ ვთქვით, რომ გვსურს დავდგეთ ერთ ერად სხვა ერთა შორის და გავაკეთეთ კიდეც ასე.
სამწუხაროდ, პირველი ქართული რესპუბლიკის არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ 70 წლის შემდეგ, 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა ყველამ ერთად, რადგან ის ეფუძნებდოდა 1991 წელის 31 მარტის რეფერენდუმს, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქე მონაწილებდა. დღეს მინდა თბილისიდან მადლობა ვუთხრა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა ნების საფუძველზე მაშინ აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანი სახელმწიფო შევქმენით. მინდა ვუთხრა მათ, რომ იმ ემოციას, რომელიც იყო 23 წლის წინ, რომ საქართველო განვითარდება, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, არც ერთი წამით არ შევანელებთ, ამ ნებას, ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში კიდევ ახალ ძალას შევასხამთ და ჩვენ არც ერთი წამით არ გავაჩერებთ ამ მიმართულებით მოძრაობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება.
“ის, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ 23 წლის წინ, დღეს ჯერ კიდევ მყიფეა. დღეს ჩვენი ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია, დღეს ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობის შესახებ, რადგან ისინი ჯერ კიდევ არიან მავთულხლართებს მიღმა, მაგრამ მაშინაც და ამ 23 წლის განმვალობაშიც ჩვენ ნათლად გამოვაჩინეთ ჩვენი ურყევი ნება, რომ საქართველოს სახელმწიფო იყოს მთლიანი, სუვერენული, ძლიერი და ასეთი გაგრძელდეს საუკუნოდ. ჩვენ ეს ნება ასობით გმირის თავდადებული ბრძოლით განვამტკიცეთ და დღეს დავაჯილდოებთ ამ გმირებს – დავაჯილდოებთ მათ, ვინც დაეცა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ასევე იმ გმირებს, ვინც გამოიჩინა თავი ISAF-ის მისიაში. დიახ, დამოუკიდებლობა ქვაკუთხედი და აუცილებელი წინაპირობაა შემდეგი წინსვლისთვის, მაგრამ მიზანი არის კიდევ უფრო უზენაესი – მიზანი არის თავისუფლება”, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კათოლიკოს-პატრიარქი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.