გია გაბრიჭიძე: Global Finance-მა კობა გვენეტაძე 2018 წლის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს შორის დაასახელა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოს ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საქმიანობას დადებითად აფასებს.
შესაბამის პოსტს ის “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.
„ჩემი დამოკიდებულება ბანკებთან კი იცით, მაგრამ კობა გვენეტაძე მაკარენკოს და ფრენკენ ბოკის სულიერი შვილის, ანუ გიორგი ქადაგიძის ფონზე, კაი „პონტი“ რომაა, ნამდვილად ვიცი:
მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.
საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა – Global Finance – ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, ცენტრალური ბანკების მმართველთა შეფასებას ატარებს და წლიურ ანგარიშსაც (Central Banker Report Cards) აქვეყნებს, სადაც საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს ავლენს.
აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის მიერ დაჯილდოება ფართოდ არის აღიარებული საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.
რაც შეეხება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგში, საქართველოს მაღლა აწევას, ეგეც კარგი რაღაცაა და მრავალი პროექტი, რომლის განხორციელებას უცხოური ინვესტიცია სჭირდება (აბა ჩვენს მიკროსაფინანსოებს ისეთი პროცენტები აქვთ, ანაკლიის პორტს კი არა, ბიძია თომას ქოხსაც ვერ ააშენებ.
„სუვერენული საკრედიტო რეიტინგი“, – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ინვესტორები და რაც ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უცხოური დაფინანსების საპროცენტო განაკვეთზე. ეს ასახავს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს და რისკებს, შესაბამისად, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება არის ყველაზე კარგი ინდიკატორი რომ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას სწორი მიმართულება აქვს.
მოკლედ რომ ვთქვა, რაღაცა კაი ხდება და ვნახოთ”, – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები