ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ოკუპაციის კვირეულს გახსნის
25 თებერვალს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ოკუპაციის კვირეულს გახსნის.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საზოგადოებას საშუალება ექნება, ესტუმროს გამოფენას – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – პერსონები საარქივო დოკუმენტებიდან“, რომელიც მომზადებულია ცენტრის კოლექციებში დაცული უნიკალური არქივების საფუძველზე.
ამჯერად ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტები, ემიგრანტული პრესა, მემორიალური ნივთები და აუდიომასალა შერჩეულია ერთი ნიშნით: ექსპონატები ასახავს საქართველოს მთავრობის წევრებთან დაკავშირებულ მიმოწერას, ოფიციალურ დოკუმენტებს, ბიოგრაფიულ ცნობებსა თუ მათ პირად ნივთებს.
დაგეგმილია, ასევე, საგანმანათლებლო აქტივობები;
VII-IX და IX-XII კლასების მოსწავლეთათვის დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამები, კერძოდ, ჯგუფური აქტივობა -„მე ვიკვლევ“ და ისტორიული ნარკვევების კონკურსი.
საუკეთესო სამი ნაშრომის ავტორთა ჯგუფს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მოიწვევს 26 მაისის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო შეხვედრაზე.