ქართველი მეცნიერები წმინდა მიწაზე საქართველოს ისტორიული კვალის კვლევას იწყებენ
2019 წელი ისრაელის მიწაზე უძველესი ქართული კვალის ძიებისა და კვლევის ისტორიაში ახალი აღორძინების დასაწყისია.
ქართველ მეცნიერებს საშუალება მიეცათ, უშუალოდ ადგილზე მოიძიონ და შეისწავლონ წინაპართა ფასდაუდებელი ღვაწლის ნაშთი წმინდა მიწაზე, – ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
19-21 თებერვალს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით დაარსებული „ქარულ-პოლონური მულტიდისციპლინარული ცენტრის“ წარმომადგენლებმა, შეძლეს პირველი და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის, იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბირ-ელ-ყუტის მონასტერში შემონახული უძველესი ქართული წარწერების (430წ) შესასწავლად (წლების წინ მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესწავლილი).
საქართველოს საელჩოს უშუალო მხარდაჭერით, განხორციელდა ზემოთ ხსენებული ცენტის წარმომადგენელთა პირველი ვიზიტი ისტორიულ ადგილზე და საქმიანი შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს სიძველეთა დაცვის ორგანიზაციასთან, კერძოდ, საგარეო ურთიერთობათა და არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორთან პროფ. ჯონ სილეგმანთან და ფრანცისკანული მონასტრის („გაშოლტვის ტაძარი“, რომლის პატრონაჟის ქვეშაა ბირ-ელ-ყუტის მონასტერი) მესვეურებთან.
ვიზიტის მიზანი იყო, ხსენებული ისტორიული ძეგლის შემსწავლელი ერთობლივი ექპედიციის ორგანიზება, რაზეც მასპინძელმა მხარემ დელეგაციას თანხმობა და სრული თანადგომა აღუთქვა. მეტიც, დაისახა პროექტის განსახორციელებელი პირველი ნაბიჯები.
საქართველოს დელეგაციას ხსენებულ შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე; ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი; ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე; ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სპეციალისტი თამარ წერეთელი და „ქართულ-პოლონური მულტი-დისციპლინარული ცენტრის“ ხელმძღვანელი რადოსლავ კარასევიჩი.
ბირ-ელ-ყუტი – V საუკუნის ქართული მონასტერი იერუსალიმში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ააშენა პეტრე იბერმა დაახლოებით 444 წელს. აღნიშნული ქართული მონასტერი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ.