თანამედროვე ბალეტი „ფოლია“ სამეფო უბნის თეატრის სცენაზე ბრუნდება

23, 24 თებერვალს, 20:00 საათზე,  სამეფო უბნის თეატრში, „საქართველოს სინფონიეტა“ და გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, თანამედროვე ბალეტს – „ფოლიას“ წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფოლია  მე-15 საუკუნის პორტუგალიური წარმოშობის  ცეკვაა, რომელიც შემდეგ იტალიასა და საფრანგეთში გავრცელდა როგორც „Folie d’Espagne“. ამ ცეკვას ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცები ასრულებდნენ კასტანეტებით.
სახელწოდება „ფოლია“ უკავშირდება სიგიჟეს, ან შემსრულებლის თავქარიანობას. მას შემდეგ, რაც ეს მელოდია გამოჩნდა 1650 წელს და ლულიმ 1672 წელს გამოსცა, უამრავმა კომპოზიტორმა დაწერა სხვადასხვა ვარიაციით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილია კორელის 1700 წლის გამოცემა, აგრეთვე აღსანიშნავია მარენ მარეს, ანტონიო ვივალდის, ლუიჯი პერგოლეზის და სხვათა ფოლიები. მე-19 და მე-20 საუკუნის კომპოზიტორებიც ასევე ხშირად იყენებდნენ „ფოლიას“ თემას თავიანთ ნაწარმოებებში.
სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილ სპექტაკლში კი ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და ანტონიო ვივალდის „ფოლია“ გაჟღერდება, აგრეთვე შესრულდება გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის სარაბანდა და ანტონიო ვივალდის „Stabat Mater”.
პროექტის იდეის ავტორი და ინიციატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, ხოლო სპექტაკლის იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე.
მონაწილეობენ: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი: ინტიგამ მამედოვი, ნათია ბუნტური, მარიამ დარჩია, ნატალია კუკულაძე, მარიამ ქოიავა, თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი (დასის სამხატვრო ხელმძღვანელი – მარიამ ალექსიძე), თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი) და მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი).

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები