ლევან მურუსიძე: გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაქვს თუ არა ჩადენილი დანაშაული, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას

“ჩემს მოღვაწეობასთან დაკავშირებით თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, უნდა მოხდეს გამოძიების დაწყება და დადგინდეს, მაქვს თუ არა ჩადენილი დანაშაული, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას”, – ამის შესახებ მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მურუსიძე აცხადებს, რომ მას კანონი არასდროს დაურღვევია.
„ადამიანს თუ დანაშაული აქვს ჩადენილი, ჯერ ეს უნდა დადასტურდეს და შემდეგ გაკეთდეს დასკვნები. ვერავინ იტყვის, რომ ამ ხნის განმავლობაში ვინმესთვის რაიმე შეურაცხყოფა მიმიყენებია. დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოები, თუ მაქვს დანაშაული ჩადენილი. ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას. ყოველთვის ვმოქმედებდი კანონის შესაბამისად. ვამბობთ, რომ მურუსიძე აპრიორი დამნაშავეა და ამის გამო თავის მართლება მიწევს. კაცობრიობას ცივილიზებულ საზოგადოებაში აქვს მიღებული წესი, რომ ადამიანი უდანაშაულოა, სანამ მისი დანაშაული არ დადასტურდება“,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისივე თქმით, უზენაეს სასამართლოში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს, თუმცა, პარლამენტში იმყოფება როგორც მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და დაინტერესებულია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებისთვის შემოღებული იქნას ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა
„რეალურად აქ საქმე ეხება კრიტერიუმებს, რომლის თანახმადაც უზენაეს სასამართლოში უნდა განწესდნენ მოსამართლეები. მეტსაც გეტყვით, უზენაეს სასამართლოში არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის წარდგენას, მაგრამ როგორც ასოციაციის თავმჯდომარე, დაინტერესებული ვარ, შემოღებული იქნას კრიტერიუმები, რომელიც ორი ორი სახისაა, ეს არის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. ვინ რა დამატებით კრიტერიუმს ან კომპონენტს შემოიტანს, ამაზე დამატებით გვექნება მსჯელობა“,- ამბობს ლევან მურუსიძე.
მურუსიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პატივს სცემს პარლამენტს და საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონებით მოქმედებს.
„სასამართლო კორპუსი დიდ პატივს სცემს ინსტიტუტებს და პარლამენტს. როდესაც საუბარია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პატივი არ სცა პარლამენტს და რვა მოსამართლე დანიშნა, მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს პატივს სცემს და მოქმედებს იმ კანონის შესაბამისად რომელიც პარლამენტმა მიიღო. პარლამენტმა თქვა, მოსამართლე, რომელიც არის განწესებული სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, ვადის დამთავრების შემდეგ საბჭომ უნდა იმსჯელოს მისი დანიშვნის თაობაზე. საბჭომ იმსჯელა სამწლიანი ვადის გასვლის ბოლო დღეს და მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ მინდა ვთქვა , რომ არავითარი უპატივცემულობა პარლამენტის მიმართ საბჭოს არ გამოუხატავს. სასამართლო კორპუსი მზად ვართ, დავიწყოთ დიალოგი ნებისმიერ ფორმატში, რომელიც ეხება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და აქედან გამომდინარე, პატივისცემას გამოვხატავთ ყველა ინსტიტუტის მიმართ. მაგრამ, ამავე დროს ვითხოვთ, რომ სასამართლო სისტემის მიმართაც გამოხატული იქნას პატივისცემა“,- აღნიშნა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები