სალომე ზურაბიშვილი: ანგელა მერკელმა გაიხსენა, რომ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქიდან ძალიან დამძიმებული წამოვიდა

დრო მოვიდა, მოვითხოვოთ მეტი ჩვენი პარტნიორებისგან და მათ გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა გავლენა უნდა მოახდინონ რუსეთზე, რათა ამ უკანასკნელმა პოზიციები შეცვალოს.

„განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსული პოლიტიკა. თვითონ გაიხსენა, რომ იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და იქიდან ძალიან დამძიმებული წამოვიდა. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ამ ვითარებიდან გამოსავლის ინსტრუმენტები არ გვაქვს და ვართ დამოკიდებული ჩვენს მეგობრებზე, რომლებიც მხარს გვიჭერენ, რომ თავად მოახდინონ გავლენა რუსეთზე, რათა რუსეთმა შეიცვალოს პოზიციები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი ტექნიკურ დონემდე ჩამოვიდა.

„ჩვენთვის ჟენევა უცვლელია, რადგან სხვა საერთაშორისო ფორმატი არ გაგვაჩნია, მაგრამ დრო მოვიდა, მოვითხოვოთ მეტი ჩვენი პარტნიორებისგან და მათ გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები. ჩვენ ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ გვჭირდება მეტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანგელა მერკელმა სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები