ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი მამაკაცი ნათესავებმა ოტობაია-ორსანტიას ხიდთან დაიტირეს (ვიდეო)

სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესია გაიმართა.
შესაბამის ვიდეო-მასალას “რადიო ათინათი” ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ ელოდება ზუგდიდის მხრიდან ათობით ადამიანი გალში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურიას მისვენებას ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ნათესავებმა მისი დატირება შეძლონ.
„ექვსი წელია, არ მინახავს. ბოლოს მამაჩემის გასვენებაზე ვნახე. მაშინ მოვახერხე და გადავედი. ამის მერე, არც აქეთ გადმოსულა და ვერც მე მოვახერხე იქით გადასვლა. ეს ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში, რომ გვიწევს ახლობლის დატირება. ჩვენი ბევრი ახლობელი ცხოვრობს იქით. ახლახან ბიცოლა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. სად უნდა წავსულიყავი, ან როგორ გადავიდოდი. ასეთი შემთხვევების დროს მაინც, ხომ უნდა შეგვეძლოს რომ გადავიდეთ“, – ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი ელისო ფარულავა.
“ათინათის” ცნობითვე, ტუფურიას ნათესავების ნაწილმა ოტობაიაში გადასვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოახერხა.​
ორსანტიელები ამბობენ, რომ ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის.
გოჩა ტუფურიას ახლობელი, ფერიდე ქვარაია ყვება, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ამ სახით, ხიდთან დასტირის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები