ვალერი ჭალიძის უნიკალური არქივი მალე საქართველოში ჩამოვა
ეროვნებით ქართველი საბჭოთა დისიდენტის, ვალერი ჭალიძის უნიკალური არქივი მალე საქართველოში ჩამოვა – ვალერი ჭალიძე იყო საბჭოთა კავშირში პირველი ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, პუბლიცისტი და ფიზიკოსი.
დისიდენტის ცხოვრებით ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი დაინტერესდა და ცნობები შეაგროვა.
„ჭალიძე აპროტესტებდა ქართული ისტორიული ძეგლების ნგრევას, მოლდავეთში პესტიციდებით მოსახლეობის მოწამვლას, არილის ზღვის დაშრობას, უზბეკეთში ბამბის კორუფციას, პატიმრების წამებას, აზერბაიჯანსა და საქართველოში განათლების პრობლემებს, უკრაინასა და ბელორუსიაში მშობლიური ენის აკრძალვას, ჰომოსექსუალებისა და, საერთოდ, პირადი ცხოვრების გამო მოქალაქეების დასჯას, ქალების უფლებების დარღვევას – შესწავლილი ჰქონდა კორუფციისა და კრიმინალის მასშტაბები საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში.
ჭალიძე ამერიკაში გამოსცემდა „მიმდინარე ქრონიკებს“, სადაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით მომხდარ უფლებადარღვევებზე წერდნენ. იქვე დააარსა გამომცემლობა Chalidze-Publication, რომელიც დისიდენტურ ლიტერატურას ბეჭდავდა. როგორც ფიზიკოსი, მუშაობდა იელის უნივერსიტეტშიც“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.