„ერთად ავაშენოთ კეთილსოფელი“ – ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
28 თებერვალს, 20 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქველმოქმედო გალაკონცერტი – „ერთად ავაშენოთ კეთილსოფელი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქველმოქმედო ფონდ „კეთილსოფლის“ დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა და პროექტის ავტორმა – მიხეილ ტყებუჩავამ განუცხადა, შემოსული თანხები მოხმარდება ბათუმში ,,სიკეთის სახლის“ მშენებლობას, სადაც დასახლდებიან ის უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ვისაც ერთი ან მეტი წევრი ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „ერისიონი“, „რუსთავი“, სუხიშვილების ახალი თაობა, „ქართული ხმები“, „ბასიანი“, „მართვე“, „მძლევარი“, „ალილო“, „დარიალი“, „ალიონი“, „რტონი“, დათო ევგენიძე, ნანი ბრეგვაძე, ნინო ქათამაძე, ზვიად ბოლქვაძე, ანრი ჯოხაძე, თემურ ქევხიშვილი, თემურ წიკლაური, ირმა სოხაძე, ბესო კალანდაძე, ნატო გელაშვილი, რომა რცხილაძე, ნუგზარ კვაშალი, თამარ ჭოხონელიძე, დავით კენჭიაშვილი, დათო ხუჯაძე, თინათინ ჭულუხაძე, ნათია ბუნტური, გიორგი შამანაური, გიორგი ცხადაძე, ნინი ბადურაშვილი, ნიკოლშოუ – გია ნიკოლაძე, პანჩო, ანი კეკუა, სალომე ბაკურაძე…
საქველმოქმედო ფონდ ,,კეთილსოფელის“ დამფუძნებლები არიან – მიხეილ ტყებუჩავა, მანანა სარიშვილი და გია ნიკოლაძე.
მიხეილ ტყებუჩავა: პროექტი დავიწყეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. პროექტის მიზანია, ბათუმში, სხალთის ქუჩა №5-ში ხუთსართულიანი კორპუსის – ,,სიკეთის სახლის“ აშენება, სადაც დასახლდება ოცამდე უსახლკარო ოჯახი, რომელთაც ერთი წევრი ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არა აქვთ სახლ-კარი. სამი სართული უკვე აშენებულია, ამჯერად მეოთხე და მეხუთე სართულიც უნდა დაემატოს და 5 სართული შეიკრას, რომ სექტემბრამდე სახლი გაიხსნას.
შენობაში განთავსდება დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის მცირე ფილიალი, ნანა ჯიქიას ხელმძღვანელობით, სადაც სხვადასხვა სახის უფასო ინტეგრირებულ განათლებას მიიღებენ ახალგაზრდები შშმ პირებთან ერთად. დისტანციური მართვის პროგრამა ითვალისწინებს ინტეგრირებულ საოფისე სწავლებას და შშმ პირებს შეეძლებათ, ოთახიდან გაუსვლელად სწავლა და გამოცდები ჩაბარება.
პროექტი მოიცავს შერჩეული ბენეფიციარების არა მარტო საცხოვრებლით უზრუნველყოფას, არამედ მათთვის სარეაბილიტაციო სხვადასხვა პროექტის განხორციელებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას.
ფონდის იდეაა, ასევე, პატარ-პატარა ,,კეთილსოფლები“ აშენდეს საქართველოს ყველა კუთხეში.
,,სიკეთის სახლის” ასაშენებლად ჩატარდა არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ბათუმსა და თბილისში, სამი კონცერტი პირდაპირი ეთერით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზშიც ჩავატარეთ, სადაც მონაწილეობდნენ და გვერდში დაგვიდგნენ ყველასთვის საყვარელი ქართველი ვარსკვლავები, რის შედეგადაც ავაშენეთ სამი სართული. თითო სართულია 510 კვადრატული მეტრი.
მშენებლობა რომ არ გაჩერდეს და ბოლომდე მივიყვანოთ ეს კეთილშობილური საქმე, 28 თებერვალს, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ახალი კონცერტი დაიგეგმა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის საყვარელი ქართველი ვარსკვლავები.
,,კეთილსოფელი“, სადაც ყველა ერთი დიდი სიყვარულის ოჯახი ვიქნებით და დავეხმარებით ერთმანეთს, საქართველოს განვითარებას და წინსვლას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა მიხეილ ტყებუჩავამ „კვირასთან“ საუბარში.