საქსტატი: 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 1.2 პროცენტით შემცირდა

„2018 წელს 2017 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 1.2 პროცენტით, 12.7 პროცენტამდე შემცირდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა.
გამოქვეყნებული კვლევის შედეგად, ბოლო 9 წლის განმავლობაში, უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენციაა.
ამასთან, 2018 წელს, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალ დონეზეა.
ამავე კვლევის მიხედვით, 2018 წლის მე-4 კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.6 პროცენტი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით, მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე შემცირებულია 0.7 პროცენტით.
ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით, 0.2 პროცენტით ნაკლებია, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3 პროცენტით ნაკლები.
ამასთანავე, 2018 წლის მე-4 კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.7 პროცენტს შეადგენდა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მცირეა.
საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებთან შედარებით, სასოფლო დასახლებებში გაცილებით დაბალია. 2018 წლის IV კვარტალში, წინასთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცების შემთხვევაში.
2018 წლის მე-4 კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალთა შესაბამის მაჩვენებელს.
ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალების შემთხვევაში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები