„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მეტალინვესტის“ საქმიდან მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის აცილებაზე სასამართლოს მიმართავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთი მსხვილი ქართული ბიზნესკომპანია „მეტალინვესტის“ გაკოტრების საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის, თეა ძიმისტარაშვილის საქმიდან აცილებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან ირიბად საქმის შედეგით არის დაინტერესებული, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ საქმის მასალები შეისწავლა, 2018 წლის აგვისტოში სპეციალური კვლევა გამოაქვეყნა და ყურადღება იმ გარემოებას მიაქცია, რომ ს.ს. „საქართველოს ბანკსა“ და შპს „მეტალინვესტს“ შორის 2010 წლის 7 აპრილს წინარე და ნასყიდობის ხელშეკრულებები დაიდო, თუმცა კომპანიის მაშინდელი დირექტორი უფლებამოსილი არ იყო კომპანიის უძრავი ქონებები გაესხვისებინა.
„ამის შესაძლებლობას კომპანიის მაშინდელ დირექტორს სპეციალური შეზღუდვა არ აძლევდა. კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, მაშინდელ დირექტორს საზოგადოების წესდების ჩანაწერის თანახმად, ხელმძღვანელობაზე შეზღუდული უფლებამოსილება გააჩნდა და ქონებების გასხვისება აკრძალული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ს.ს. „საქართველოს ბანკმა“ კომპანიის ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია მაინც განახორციელა, თუმცა მოგვიანებით, 2012 წლის ივნისში“- განაცხადა კაიკაციშვილმა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით იკვეთება შემდეგი – ს.ს. „საქართველოს ბანკის“ შესაბამისმა თანამდებობის პირებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უთარიღო, სანოტარო წესით დაუმოწმებელი კომპანიის ე.წ. „წესდება“ წარუდგინეს, სადაც ქონების გასხვისების შეზღუდვის შესახებ მანამდე არსებული ჩანაწერის რედაქცია ისეთი ფორმით იქნა შეცვლილი, რომ თითქოსდა, მისი ხელმძღვანელისგან საზოგადოების ქონების გასხვისება არ იზღუდებოდა.
„სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ს.ს. „საქართველოს ბანკს“ სადავო ქონებები დაუმტკიცა, ხოლო მოგვიანებით, კომპანიის მიმართვის გარეშე, წესდებით განსაზღვრული შეზღუდვა თვითნებურად გააუქმა. დღემდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კომპანიის არაიურიდიული ძალის მქონე წესდებას მონაცემთა ბაზიდან არ იღებს, რაც დავის სასამართლო წესით დაწყების საფუძველი გახდა.
კომპანია „მეტალინვესტის“ დირექტორის, მურთაზ უგულავას განმარტებით, 2014 წლის 11 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, შპს „მეტალინვესტისა“ და მურთაზ უგულავას სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების: ს.ს. „საქართველოს ბანკისა“ და მიხეილ უგულავას მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დავის საგანს უძრავ ქონებებზე ს.ს. „საქართველოს ბანკის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობა და აღნიშნულ უძრავ ქონებებზე შპს „მეტალინვესტის“ საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნა წარმოადგენდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მეტალინვესტის“ მიერ გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტი – 2010 წლის 7 აპრილის ს.ს. „საქართველოს ბანკსა“ და შპს „მეტალინვესტს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულ ზ/აღნიშნულ უძრავ ქონებებზე შედგენილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების განკარგვაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და 23-ე მუხლის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა გააუქმა“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ „მეტალინვესტმა“ ახალი სარჩელით სასამართლოს მიმართა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ქმედების დავალება მოითხოვა, რომლითაც კომპანიის არაიურიდიული ძალის მქონე წესდების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემიდან ამოღებაუნდა მომხდარიყო.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „მეტალინვესტის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ სადავო წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის სანოტარო წესით დამოწმებული და კერძო აქტის სახით იყო შედგენილი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა და აღნიშნული საქმის განმხილველი მოსამართლე დღესდღეობით ისევ თეა ძიმისტარაშვილია, რომელმაც სადავო საკითხებთან მიმართებით, ერთხელ უკვე გამოთქვა საკუთარი შეხედულება“, – განაცხდა კაიკაციშვილმა.
ორგანიზაციის შეფასებით, დღესდღეობით, შპს „მეტალინვესტი“ იმ პირობებში საქმიანობს, როდესაც მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის ორი წესდება ფიქსირდება – ნამდვილი და იურიდიულად არაუფლებამოისლი, ხოლო სადავო საკითხის გასწორებისთვის, ახალი დავის პირობებში, იურიდიული პასუხისმგებლობა არ აიღო არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ.
„მოსალოდნელია, რომ ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაც. ეჭვგარეშეა ის ფაქტიც, რომ მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი ე.წ. წესდების საქმეზე გაიზიარებს და იხელმძღვანელეს ერთხელ უკვე წარმოდგენილი მსჯელობით, რომელიც სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოიხატა. შესაბამისად, მხარის გადაუდებელი და კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია საქმე სხვა პალატას გადაეცეს და საკითხზე იმსჯელოს მოსამართლემ ან/და მოსამართლეებმა, რომლებიც არავითარ შემხებლობაში არ არიან წარსულშიც და ახლაც „მეტალინვესტის“ საქმესთან, მეტადრე ე.წ. წესდების ნამდვილობის დადგენის საქმესთან მიმართებით“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მეტალინვესტის“ საქმეზე სამოქალაქო ადვოკატირებას 2018 წლის აგვისტოდან ახდენს.
„გამოქვეყნებული კვლევა აღმასრულებელ, საკანონმდელო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიეწოდა. ე.წ. წესდების საქმეზე სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 20 თებერვალს გაიმართება. მოსამართლის საქმიდან აცილების შუამდგომლობა სასამართლოს წერილობითი ფორმით უკვე მიეწოდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები