მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას პასუხობს – „ასეთი მიდგომები დამღუპველია“

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ასეთი მიდგომები დამღუპველია.
„ჩვენ თუ გვექნება ასეთი მიდგომა, რომ მოდით ახლა კანონები, კონსტიტუცია გადავდოთ გვერდზე, ეს არ არის მნიშვნელოვანი და სხვა საკითხებზე გვაქვს საუბარი, ასეთი არგუმენტაცია, ზოგადად, არ შეიძლება. თუ ვამბობთ და ვთანხმდებით, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას, მაშინ ასეთი კანონპროექტი არ უნდა მივიღოთ და დამატებითი არგუმენტი, რომ ეს განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე დამღუპველია. მაშინ ამ ლოგიკით, პარლამენტს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი არაკონსტიტუციური კანონპროექტი და მერე იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ასეთი მიდგომები მიუღებელია”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ცნობისათვის, ეკა ბესელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პლენარულ სხდომაზე მისი კანონპროექტი მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე სამსაათნახევრის განმავლობაში ცხარე კამათის ფონზე მსჯელობდნენ.
აღნიშნული ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები