თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში „დამწვარი“ ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაო დასრულდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში ე.წ. კოლას სერის უბანში „დამწვარი“ ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციისა და ნებართვის საფუძველზე განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები, რომელიც შპს „იუკონი და კომპანიამ“ აწარმოა, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მიერ დაფინანსდა.
შესრულებული სამუშაოების შედეგად, სრულად გამაგრდა ეკლესიის საძირკველი. საკულტო ნაგებობის საპერანგე წყობაზე მოიხსნა მორყეული ქვები, რომლებიც დაინომრა და კირდუღაბის გამოყენებით უწინდელ ადგილებს დაუბრუნდა. გარე ფასადსა და ინტერიერში კედლის ჩამოშლილი ადგილები ეკლესიის ფასადის არსებული ჯიშის ქვის კვადრებით შეივსო. აღდგა კარ-ფანჯრების ღიობები, ტაძრის შიდა და გარე პერანგს შორის ჩაისხა კირ-დუღაბი, რამაც მნიშვნელოვნად უზრუნველყო ნაგებობის კონსტრუქციული მდგრადობა. ინტერიერში გაითალა და აღდგა პილასტრები.
ეკლესიის იატაკზე მოიჭრა მიწაყრილი, რის შემდეგაც დარჩენილი იატაკის ქვები პირვანდელ ადგილზე გადაეწყო. ნაკლული სეგმენტები კი ახლად მოჭრილი ქვის კვადრატებით შეივსო. ნაგებობის სარკმლებში ჩაისვა ხის ახალი ფანჯრები. ეკლესიის შესასვლელზე კი მშრალი წაბლის მასალისგან ავთენტური იერსახით დამზადებული ხის კარი ჩამოიკიდა. ტაძრის სახურავი ლორფინის იმიტაციის მქონე თუნუქის ფენით დაიფარა.