გიორგი ქობულია: ქუთაისის ტექსტილის საწარმოს მაგალითზე ჩანს, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კონკურენტუნარიანია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისში ტექსტილის საწარმო „MGM TEX” დაათვალიერა. გიორგი ქობულია საწარმოს სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში, შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ეწვია. სტუმრები წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ და საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

შპს „ემჯიემტექს” 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა და, წლიურად, 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 მლნ ლარს შეადგენს. საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარია. მასში, ამჟამად, 300-მდე ადამიანია დასაქმებული და აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, როგორიცაა M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნია, რომ, რამდენიმე დღის წი,ნ კომპანია ბრენდის „H&M” ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, “H&M”-ის მაღაზიებში, პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანას ამ ტიპის, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესი სჭირდება. „ესაა ტექსტილის საწარმო, რომელიც, პრაქტიკულად, მთლიანად მუშაობს ექსპორტზე. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ საწარმოს ხელმძღვანელობისა და აქ დასაქმებულების მიერ გაწეული სამუშაოთი – იმით, თუ როგორ ააწყეს ბიზნესი, მოძებნეს ეს ბიზნესმოდელი, ასევე 0 კონტაქტები ევროპაში. რა თქმა უნდა, პროგრამამ „აწარმოე საქართველოში” ძალიან დიდი როლი ითამაშა საწარმოს განვითარების პროცესში. ჩვენ გვინდა ასეთი, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესები”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, ამ საწარმოს მაგალითზე ჩანს, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კონკურენტუნარიანია. „ასეთი ტიპის ძალიან ბევრი საწარმო ევროპიდან, მათ შორის – აღმოსავლეთ ევროპიდან გადმოდის ჩვენს რეგიონში და, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი ვიღონოთ, რომ საქართველოში, რაც შეიძლება, მეტი ასეთი საწარმო გაიხსნას”, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრის აზრით, ტექსტილის გარდა, ეკონომიკაში სხვა ანალოგიური სეგმენტები გვაქვს; მაგალითად, ტყავის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოება, რომელთაც, ასევე, დიდი პოტენციალი აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები