საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით მიმართვიანობა და გაცემული მოწმობების რაოდენობა იზრდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ავიასპეციალისტების მოწმობების, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობების აღიარებისა და სხვა თანმდევი მომსახურებების მიღების მიზნით, მიმართვიანობა და გაცემული დოკუმენტების რაოდენობა იზრდება.
„2018 წელს, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის ფაქტი, საშუალოდ, 60%-ით გაიზარდა 2017 წელთან შედარებით. 2015 წელს მოწმობა 20, 2016 წელს – 48, 2017 წელს 89, ხოლო 2018 წელს 150 ადამიანზე გაიცა. სააგენტოს საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს, 193 მოწმობის გაცემაა მოსალოდნელი. საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობა გაიცემა მოყვარულ პილოტზე, კომერციულ პილოტზე, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტზე, პლანერის პილოტზე, თავისუფალი აეროსტატის პილოტზე, აერნაოსანზე, ბორტინჟინერზე, ბორტრადისტსზე, ბორტგამყოლზე, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე, ავიადისპეტჩერდს და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტზე. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე მაღალი მოთხოვნა საფრენოსნო პერსონალის (ATPL/CPL) მოწმობის გაცემაზე ფიქსირდება, შემდეგ ბორტგამყოლის მოწმობა (Cabin Crew/Flight Attendant) მოდის, ხოლო საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობისა (ATCOL) და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის (AML) გაცემაზე მოთხოვნის სტატისტიკა, 2017-2018 წლებში, დაახლოებით, ერთნაირია“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, მკვეთრად არის გაზრდილი საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობებში საკვალიფიკაციო აღნიშვნებზე მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს მოწმობით მინიჭებული უფლებებს, განსაკუთრებულ პირობებსა და შეზღუდვებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დინამიკას ის ფაქტი განაპირობებს, რომ, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს დროშის ქვეშ განსხვავებული ტიპისა და მოდიფიკაციის საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება (Embraer, BELL, L-410 და ა.შ.). ასევე, სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით იუმჯობესენებენ კვალიფიკაციას.
„2017-18 წლებში, გაიზარდა სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობების აღიარების ფაქტები, რაც კვალიფიციურ საფრენოსნო-ტექნიკურ პერსონალზე მოთხოვნის არსებობასა და, ამავე დროს, მათ დეფიციტურობაზე მიუთითებს. მიმდინარე წლის პროგნოზით, უცხო ქვეყნის მოწმობების აღიარების ფაქტები 266-დან 309-მდე გაიზრდება. სერტიფიცირებულ საფრენოსნო-ტექნიკურ პერსონალზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაამარტივა სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტების სამხედროდან სამოქალაქო ავიაციაში კონვერტაციის პროცესი. თოთხმეტიდან ექვსამდე შემცირდა სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდების რაოდენობა. ძალაში შევიდა დაჩქარებული მომსახურება, კერძოდ – საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების ზოგად (ერთთვიან) ვადაში გაგრძელების მომსახურების საფასურს დაემატა მოწმობების ვადის დაჩქარებული წესით გაგრძელების მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს მოწმობის ვადის გაგრძელების მსურველ პირს, დაჩქარებულ ვადაში, მე-3 დღეს, მოითხოვოს მოწმობის ვადის გაგრძელება“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.