მართლმადიდებელი ეკლესია, 15 თებერვალს, მირქმას აღნიშნავს
15 თებერვალს, მართლმადიდებლური სამყარო მირქმას აღნიშნავს. მირქმა (მიგებება) უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ძველი სტილით აღინიშნება 2 თებერვალს, ახალი სტილით კი – 15 თებერვალს.
მირქმა (მიგებება) – შობიდან მეორმოცე დღეს ხდებოდა ტაძრად ყრმის მიყვანა და მის სახელზე მსხვერპლის შეწირვა.
ის უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ – ერთი წლის კრავს; ხოლო ღარიბები – წყვილ გვრიტს, ან მტრედის ხუნდს სწირავდნენ.
როგორც ცნობილია, ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. მაცხოვრისათვის იოსებმა ორი ფრინველი შეწირა. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი და ხელში აიყვანა – ანუ, როგორც ძველი ქართულით გამოითქმის, მიირქვა გულსა შინა თვისსა. ამიტომ დაერქვა მირქმა.