“შემდეგი სამიზნე ანაკლიაა” – რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება

“ეს პროცესი ამით არ დამთავრდება – შემდეგი სამიზნე არის ანაკლია”, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო წევრი, რომან გოცირიძე და საქართველოს ეროვნული ბანკის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნა, „თი-ბი-სი ბანკის” მმართველობიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩამოცილების შესახებ, პოლიტიკური დევნაა. რომან გოცირიძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ეროვნული ბანკის მოთხოვნა თერთმეტი წლის წინანდელი დარღვევისათვის “თი-ბი-სი ბანკის” მმართველობიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩამოცილების შესახებ, არის პოლიტიკური დევნა. მანამდე, ივანიშვილის დავალებით, ეროვნული ბანკი მათ ბანკში წილის დათმობასა და პრობლემის ”მშვიდობიანად” მოგვარებას აიძულებდა. ივანიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის ფილიალი, ხოლო მისი პრეზიდენტი – შსს-ს ლაქია. მამუკა ხაზარაძე, სანამ კულუარული თამაშების იმედად იქნება და სიმართლეს საჯაროდ არ იტყვის, წავა არა მარტო ბანკიდან, არამედ წავა ციხეში, რადგან ასე უნდა ოლიგარქს. ეს პროცესი ამით არ დამთავრდება. შემდეგი სამიზნე არის ანაკლია. რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ “თი-ბი-სი ბანკისა” და მისი აქციონერების პრობლემა. ეს არყევს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას“, – წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ, გუშინ, ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე, “თი-ბი-სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისთვის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძისთვის, ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები