“ეროვნული ბანკის განცხადება ცინიზმის ყოველგვარ საზღვრებს სცდება” – ნიკოლოზ ჩხეიძე

 

„ეს გამალებული და გაშმაგებული იერიში, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ, მდგრად და განვითარებად, მსხვილ ბიზნესზე, რას უნდა მიაწერო?“ – აცხადებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და აშშ-ში ასოციაცია “თვისტომის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩხეიძე და საქართველოს ეროვნული ბანკის გუშინდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ნიკოლოზ ჩხეიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გარშემო, ხელისუფლებას რამდენიმე კითხვით მიმართავს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: „თიბისი ბანკი” წარმატებული ინსტიტუციაა დასავლეთის ფინანსური მონაწილეობით. მასზე თავდასხმა ( სხვა არაფერი ჰქვია ამას – სებ-ის მხრიდან ) ქვეყნის არამხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობაზე თავდასხმაა, არამედ – დასავლური პოტენციური და სამომავლო ინვესტიციების სერიოზული დარტყმის ქვეშ დაყენება; გარდა ამისა, “თიბისი ბანკის” მეანაბრეთა დაშინება და არასტაბილურობის განცდის პროვოცირებაა. რაც არამარტო ბანკს აზარალებს, არამედ – მთლიანად საფინანსო სისტემას. სულელი და ბრმა არავინაა და ყველა კარგად ხედავს, რომ გარკვეული წრეები ყველაფერს ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებულად წარმართვის საწინააღმდეგოდ აკეთებენ. 2012- ში გამოცხადებული პროდასავლური კურსის პარალელურად, მაშინ, როდესაც საქართველოში ამერიკული ინვესტიციები (თან ისეთი მსხვილი მონაწილეების, როგორიც “კონტი გრუპია”) ძალზედ ცოტაა და, საერთოდ, დასავლური ინვესტიციების ოდენობა, სხვა ინვესტორთა შემოტევის ფონზე, მინიმალურია – ღიად ცხადდება ენერგომომარაგებაში უკვე რუსული “ გაზპრომის” (?!!) შემოყვანის გადაწყვეტილება… ასეთ შემთხვევაში, სამართლიანად ჩნდება კითხვები – საით და რა მიმართულებით მივემართებით და ისრები ხომ არ გადაგვყავს საწინააღმდეგო მხარეს? ვის აძლევს ხელს უკვე ღია ანტიდასავლური ნაბიჯები იმის ფონზე, რომ ხაშურის ტყეებში რუსული ჩექმა მომრავლდა. ვის აძლევს ხელს ამერიკული ფინანსური კორპორაციების საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ინტერესის აშკარა იგნორირება და რუსული ბიზნესის შემოყვანა? რუსული ბილაინი, იანდექსი, ენერგეტიკაში რუსული მხარის ღია ანექსია და ენერგომატარებლების ბაზარზე, ნელ-ნელა, მონოპოლიის დამკვიდრება, რომელ პროდასავლურ კურსს შეესაბამება? ვის შეიძლება, არ აწყობდეს, საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი, სადაც 60000-ტონიანი და მეტი კომერციული და, არამხოლოდ, კომერციული გემები შეძლებს შემოსვლას? საქართველოს გეოპოლიტიკური სტრატეგიული მდებარეობის მთავარი ხიბლი და მიმზიდველობა ხომ მის, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, სტატუსშია ? (“საქართველო- ევროპა-აზიის გზაჯვარედინი”; “საქართველო – ევრაზიის გასაყარი”, “საქართველო – აბრეშუმის გზის მთავარი შემადგენელი” და ა.შ). ეს თუ დავკარგეთ, ვის რაში ვჭირდებით და დავკარგივართ? (“აბრეშუმის გზის პროექტებში, სამიდან არც ერთში, საქართველო დღეს არ მოიაზრება და ამოგდებულია). ვის აწყობს მისი ასეთი დაკნინება? ვის არ უნდა საქართველოსგან კონკურენცია შავ ზღვაში? ( ფრიად “რთული “კითხვაა) და, ბოლოს, მთავარი კითხვა – “თიბისიზე” გახორციელებული შეტევა “საქართველოს ბანკის” მესვეურთა ინიციატივაა, თუ უკვე მიზანმიმართული საბოტაჟი ქვეყნის სტაბილური პროდასავლური განვითარების წინააღმდეგ? კითხვა რიტორიკული არაა – მმართველი გუნდისგან კონკრეტულ პასუხს გულისხმობს. (!) პ.ს. ეროვნული ბანკის განცხადება ცინიზმის ყოველგვარ საზღვრებს სცილდება და საზოგადოების აზროვნების უნარში სერიოზული ეჭვის ნიშანია (ხელისუფლების გარკვეულ წრეებში)“, – წერს ნიკოლოზ ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნულმა ბანკმა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისთვის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძისთვის, ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები