მამუკა ხაზარაძე: 8 თვეა, ჩემ წინააღმდეგ კამპანიაა დაწყებული

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სების დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას 8 თვის წინ ბანკის და კონკრეტულად მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის დაგვირგვინებად მიიჩნევს.

„მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სები ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა, თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს. დღეს თიბისი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, ბიზნეს სამყაროში მსოფლიო დონისა და სტანდარტების მქონე კომპანიაა, ინსტიტუტი, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.

კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის!“, – წერს ხაზარაძე.

ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ საქმეზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ამავე ცნობით, საქმეზე დაიკითხა თითქმის ყველა პირი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “თიბისი ბანკიდან” გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ გაცხადებაში იმას წერს, რაზეც   ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები