“საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის დროს, პრეზიდენტს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს”

“მოქმედი კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. ბუნებრივია, საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის დროს, მას უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან, დახურულ შეხვედრას მართავს.
„ეს ჩვენი ცალსახა და პრინციპული პოზიციაა, რომელიც არ შეიცვლება. დღეს, კონსულტაციები პარლამენტთან გაიმართება. გვინდა, რომ, კონსულტაციის შედეგად, აბსოლუტურად საქმიან გარემოში, პარლამენტი დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია. დღეს მოქმედი კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. ძალიან კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, გარკვეული უხერხულობა შექმნას მთავრობის სათათბირო ორგანოში პრეზიდენტის, როგორც წევრის, მონაწილეობამ და, ბუნებრივია, ვიზიარებთ ამ პოზიციებს. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით, სადაც ეს მეთოდი აპრობირებულია, პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებულია. ალბათ, შევთავაზებთ პარლამენტს, რომ გაჩნდეს ჩანაწერი „პრეზიდენტი უფლებამოსილია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს“, ანუ ეს დისკრეცია პრეზიდენტს დავუტოვოთ და ამით ყველაფერი დაბალანსდება – მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ მან ეფექტურად გაახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული საკუთარი უფლებამოსილებები. აქ საუბარი არ არის საბჭოს წევრობაზე. თუ წევრი არ არის, უხერხულობაც არ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
ცნობისათვის, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ კანონპროექტის” თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები