დავით მათიკაშვილი: ჯერ კიდევ არის რესურსი, რომ გუნდმა ერთიანობა შეინარჩუნოს

„ჯერ კიდევ არის რესურსი, რომ გუნდმა ერთიანობა შეინარჩუნოს“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორ მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მას დიდი სურვილი აქვს, რომ 2020 წელს, არჩევნების დროს, გუნდი მთლიანობით წარსდგეს. მათიკაშვილმა, ასევე, უმრავლესობის ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს და, რომლის შემჭიდროებულ ვადებში განხილვის მოთხოვნითაც, ბესელიამ კომიტეტში ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.
„კანონპროექტმა უნდა გაიაროს კონსტიტუციურობის ტესტი. ჩვენ, ამ საკითხის გარშემო, ჯერ არ გვიმსჯელია. ამ საკითხზე, ცხადია, არგუმენტებს მოვისმენთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. პირველი, რაც ამ კანონპროექტმა უნდა ჩააბაროს, არის კონსტიტუციურობის ტესტი. შეიძლება, იყოს კიდევ რამდენიმე კითხვა. ამიტომ, ჯერ არგუმენტებს უნდა მოვუსმინოთ. კანონპროექტთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები ექნება საზოგადოებას მას შემდეგ, რაც შესაბამის არგუმენტებს მოვისმენთ კანონპროექტის ავტორისგან – აბარებს თუ არა ეს კანონპროექტი კონსტიტუციურობის ტესტს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ამასთან, მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზეც ისაუბრა. მისივე თქმით, კონკრეტული პირების გადასაწყვეტია, დატოვებენ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას. „არის რესურსი უმრავლესობის მთლიანობის შენარჩუნებისა და ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ, 2020 წელს, საზოგადოების წინაშე ერთიანი, მთლიანი გუნდით წარვდგეთ. კონკრეტული პირების გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, არის უკვე მათი გადაწყვეტილება”, -აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები