საქართველოს ელჩი ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანმა ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრთან, ალიგარდას მონკევიჩიუსთან, შეხვედრა გამართა. შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც ,,კვირას“ უწყებიდან აცნობეს, საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო სიპენდიებისთვის, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ლიეტუვის მხარე ყოველწლიურად გამოყოფს. ხაზი გაესვა, რომ ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ლიეტუვაში განათლება მიიღონ, როგორც სამაგისტრო, ასევე გაცვლით პროგრამებზე, ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებსა და ლიტუანისტიკის სასწავლო პროგრამებზე. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში საუბარი საქართველოს მოქალაქეებისათვის ლიეტუვაში სასწავლებლად სახელმწიფო სტიპენდიების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობებს შეეხო.

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს საელჩოს ინიციატივით ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენის კურსების ფუნქციონირებას დაეთმო და ლიეტუველი ახალგაზრდების მაღალი ინტერესი ქართული ენისა და კულტურისადმი აღინიშნა.

საქართველოს ელჩი ასევე განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ლიეტუვური ენის საზღვარგარეთ სწავლების სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა და სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის საქმიანობის წარმატებული ადმინისტრირებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხემლძღვანელი, პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი ესწრებოდა. აღნიშნული ცენტრი, სადაც საქართველოს სამოცდაათამდე მოქალაქე ლიეტუვურ ენას, ლიეტუვის განათლების სამინისტროს დაფინანსებითა და ქართული მხარის მხარდაჭერით ეუფლება, თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, წარმატებით ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები