რიმა ბერაძე: საკრედიტო ხაზით გამოყოფილი 62 მილიონი ლარით უმნიშვნელოვანესი პროექტები გახორციელდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ, იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საკრედიტო ხაზით გამოყოფილი 62 მილიონი ლარით გახორციელდება:
„ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი, განსაკუთრებით – მაჟორიტარი დეპუტატები, საზოგადოებასთან ვართ ვალდებული, თუ როგორ გავახორციელოთ ესა თუ ის პროექტი. ერთ-ერთი საკითხია ახალი საკრედიტო ხაზის გახსნა, რომ 62 მილიონით მოხდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და, განსაკუთრებით ჩემთვის იმიტომ, რომ, ამ თანხით, ჩემს რაიონში იწყება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი – ფიროსმანის ქუჩის აღდგენა-რეაბილიტაცია და ვფიქრობდი, რომ თითოეული თქვენგანი, მათ შორის, ოპონენტებიც, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თბილისის მერია“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელიც სოციალური პროექტებიდან პარტიის აქტივისტების დაფინანსებას ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ სარევიზიო კომისიას ოპოზიციის მიერ დაყენებული არცერთი საკითხი  დაუტოვებია უყურადღებოდ.
„მინდა, ლევან ხაბეიშვილს მივმართო, რომ, თქვენ მიერ დაყენებული სარევიზიო კომისიაზე, არ ყოფილა საკითხი, რომელზეც არ გამოგვიჩენია ყურადღება და არ დაგვიწყია მოკვლევა. თქვენი ქმედებები და განცხადებები კამერების წინ არ არის საქმეზე ორიენტირებული და, როგორც თქვენი კოლეგა, გირჩევთ,  რომ უფრო საქმიან ატმოსფეროს დაუბრუნდეთ, რადგან ასეთი საქციელით ქულებს ვერ დაიწერთ“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები