გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას: თქვენ არ გსურთ სიმართლის გაგება და ცდილობთ, როგორმე მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მან ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საკრებულოს უმცირესობის წევრებს სიმართლის გაგება არ სურთ:
„თქვენს ფრაქციაში არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევის საკრებულოში და არიან ახლაც. ძალიან მარტივი იქნებოდა, გადაგემოწმებინათ ის საკითხები, რომლებზეც განცხადებებს აკეთებთ. მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ თქვენ არ გსურთ სიმართლის გაგება და ცდილობთ, როგორმე მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა. მან ნუცუბიძის ქუჩაზე მონაცვლეობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, დაახლოებით, წელიწადნახევარია,  განაშენიანების რეგულირების ეს გეგმა შესულია საკრებულოში და საკრებულომ არ შეითანხმა ეს საკითხი სწორედ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მან, ასევე, უსაფუძვლო უწოდა ოპოზიციის განცხადებებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საკითხთან დაკავშირებით:

„თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ახალი გენგეგმის მიმართულებით არ მივდივართ და ვიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს. დღეს, კომისიის სხდომაზეც, გაჩვენეთ, სამრეწველო ზონებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებს იღებს და გულისხმობს ახალი გენგეგმა, მაგრამ აქაც თქვენ არ მოისურვეთ, რომ გაცნობოდით საკითხს და წინასწარ ამობეჭდილი, გაფერადებული ფურცლებით მოხვედით. ალბათ, გუშინ ბევრს ემზადებოდით ამისთვის. სიმართლე არის ის, რაზეც ფაქტები მეტყველებს”, –  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას კოლეგიალობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები