“ასე სწრაფად გამოცდების გაუქმება გამართლებულად არ მიმაჩნია” – ლადო პაპავა განათლების რეფორმაზე

“ასე ხელაღებით გამოცდების გაუქმებისთვის მე ნამდვილად არ ვარ მზად, თუ არ მეცოდინება, რა აქვს ჩაფიქრებული მთავრობას. მაგრამ, რაც უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, ასე სწრაფად, წელს და გაისად გამოცდების გაუქმება, რა თქმა უნდა, გამართლებულად არ მიმაჩნია”, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, უმჯობესი იქნებოდა, სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღები გამოცდები ერთიანი იყოს:
„დადებითად ვაფასებ იმას, რომ, როგორც იქნა, გვყავს პრემიერი, ასევე – განათლების და მეცნიერების მინისტრი, რომლებიც აქცენტს  მეცნიერებაზე აკეთებენ. მეცნიერების გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. საქართველოს ეკონომიკის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკით, ხოლო ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა მეცნიერების გარეშე ვერ შეიქმნება.

იმას, რასაც აცხადებს დღეს მთავრობა და პრიორიტეტად ასახელებს მეცნიერებას და განათლებას , მივესალმები. თუმცა, მექმნება იმის განცდა, რომ ეს ბოლომდე გააზრებული არაა – მაგალითად, დიდ დიღომში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა. თავად თბილისია განათლებისა და მეცნიერების ქალაქი –  იმდენი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტია თავმოყრილი. ყველაზე სწორი იქნებოდა, თბილისს მიეცეს განათლებისა და მეცნიერების ქალაქის სტატუსი. ფული დაიხარჯოს არა რაღაც პაწაწინა ქალაქუნას მშენებლობაზე, რომელიც კაცმა არ იცის, რა დაჯდება, როდის დასრულებდა , რა ეფექტს მოგვცემს, არამედ – ეს თანხა დაიხარჯოს საქართველოში არსებული უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ლაბორატორიების, გარემონტებაზე, შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვაზე, რომ სამეცნირო მუშაობა სრულფასოვნად გახდეს შესაძლებელი. მეცნიერის პროფესია პრესტიჟული უნდა გახდეს.
გააზრებაზე რადგან ვლაპარაკობ , მგონი, ასეთივე პრობლემა ეხება გამოცდების საკითხსაც. როცა დაიწყო საუბარი განათლებისა და მეცნიერების რეფორმაზე, მოსახლეობას ისე მიეწოდა ინფორმაცია, რომ, თითქოს, მთავარია გამოცდების მოხსნა; ყველაფერი გვერდზე დარჩა. შეიძლება, დაიბადოს კითხვა- რა დარჩა გვერდზე? სინამდვილეში არ ვიცით. იმისთვის, რომ ვისაუბროთ, რა აქვს მთავრობას ჩაფიქრებული, მან უნდა გამოაქვეყნოს დოკუმენტი, რომელიც ეხება განათლებისა და მეცნიერების სისტემის რეფორმას, სადაც გაწერილი იქნება, რა არის გასაკეთებელი და როდის. მინისტრმა სავსებით კარგად აღნიშნა, რომ ჩვენ ცოდნა უნდა მივცეთ ბავშვებს არა გამოცდაზე ორიენტირებულებით, არამედ – განათლება ცოდნაზე უნდა იყოს ორიენტირებულიო. ამას რა სჯობს. მაგრამ ახლა ვინც სკოლას ამთავრებს, წელს ან გაისად, მათ ხომ ძველი სისტემით აქვთ მიღებული განათლება? მაშინ რატომ ვუხსნით გამოცდას? გამოცდა იწვევს სტრესსო – რა თქმა უნდა, იწვევს სტრესს. მაგრამ დიდი ბოდიში, განა ცხოვრება სტრესი არ არის? გამოცდები ორ რამეს უწყობს ხელს: ცოდნის სისტემატიზებას , რომ ივნისში უნდა გაიხსენო, რა გისწავლია სექტემბერში, ოქტომებრში, საგანი ერთიანად გაიაზრო. მეორე – როცა გამოცდებს აბარებ, იზრდება გარკვეული მედეგეობა ამ სტრესების მიმართ. ასე ხელაღებით გამოცდების გაუქმებისთვის მე ნამდვილად არ ვარ მზად, თუ არ მეცოდინება, რა აქვს ჩაფიქრებული მთავრობას.მაგრამ, რაც უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, ასე სწრაფად, წელს და გაისად გამოცდების გაუქმება, რა თქმა უნდა, გამართლებულად არ მიმაჩნია.
გამოცდებს ასე მივუდგებოდი – სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღებ გამოცდებს გავაკეთებდი ერთიანს – სწორი იქნებოდა ერთიანი გამოცდა. ეს გამოცდების რაოდენობას შეამცირებდა და სკოლას უნივერსიტეტს დაუახლოვებდა“, –  განაცხადა პაპავამ.
ლადო პაპავამ ზოგადი უნარების გამოცდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, უმჯობესი იქნება, მეთორმეტე კლაში უნარები სავალდებულო საგნად შემოიღონ: „რაც შეეხება უნარებს – მეტორმეტე კლასი საერთოდ არ არის დატვირთული.
სწორია, რომ ქალაქში მაცხოვრებლებსა  (განსაკუთრებით – თბილისში) და რაიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს შორის უნარებში განსხვავებაა. ხშირად, სოფლებში მშობლებს იმის შესაძლებლობა არ აქვთ , რომ რეპეტიტორი აიყვანონ. დიდი ბოდიში – რატომ უნდა აიყვანონ რეპეტორი? ხომ შეიძლება, მეთორმეტე კლასში უნარებში მეცადინეობა ჩვეულებრივი საგანი გახდეს?
მე ასე ხელაღებით, ასე მარტივად ვერ ვიტყოდი, რომ უნარების გაუქმება სწორი იყო. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა უნარები შემოგვეღო, როგორც სავალდებულო საგანი, რომელშიც ახლგაზრდები გაივლიდნენ წვრთნას“, – განაცხადა პაპავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები