“მაესტროს” გენერალური პროდიუსერის პოზიციაზე გიორგი ფუტკარაძე ხათუნა ხვედელიძემ შეცვალა

0

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური პროდიუსერის პოზიციაზე გიორგი ფუტკარაძე ჟურნალისტმა ხათუნა ხვედელიძემ შეცვალა.
ინფორმაცია “კვირას” თავად ხათუნა ხვედელიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, არხზე არაერთი სიახლე იგეგმება: “კონკრეტულს, რა თქმა უნდა, ჯერ ვერაფერს გეტყვით. თუმცა, მაესტროზე იქნება ბევრი სიახლე – იქნება ახალი რუბრიკები, ახალი გადაცემები. ყველა ის ამბავი, რა ფორმატითაც გადიოდა, შენარჩუნდება. თუმცა, ამ მხრივაც იქნება მცირე ცვლილებები”, – აღნიშნა ხათუნა ხვედელიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა პროდიუსერმა, გიორგი ფუტკარაძემ, რომელიც მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ფუტკარაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა და გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
“ამ წუთიდან, ჩემი და ტელეკომპანია “მაესტროს” გზები გაიყო. რთული პერიოდი გამოვიარეთ მაესტროს გუნდთან ერთად. ეს იყო პოლიტიკური რთული დღეები და, შესაბამისად, ნიუსურიც. ვინც ამ პროფესიის ფასი იცის, ისიც იცის, რა ადამიანური ფასი აქვს ყოველ დღესა და გათენებულ ღამეებს. მაგრამ, ადამიანების შრომამ შექმნა შედეგი, რომლითაც ვიამაყებ და რომელიც ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში დაუვიწყარია. ჩვენ შევძელით, რომ წელიწადნახევარში გვეკეთებინა არხი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში გადმოსცემდა ახალ ამბებს. გვეჩვენებინა მოვლენები სწრაფად, ხანდახან – ყველაზე სწრაფად და, რაც მთავარია ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო. ეს იყო 13 872 საათი ეთერში, ათობით სტუმარი ყოველდღე და ათი ათასობით ამბავი ჯამში. ეს არ იყო მარტივი. თუმცა, ყველა დაგლეჯილი ნერვის საპირწონე, კარგი ეთერია და ასეთი მართლა ბევრი იყო. რთული მისია გამოდგა, მაგრამ მაესტროს გუნდმა ეს შეძლო. მადლობა ყველა მათგანს, ვინც ეთერში იყო და ვინც კადრს მიღმა იყო – რომ არა ეს ადამიანები, არაფერი გამოვიდოდა. ახლა ჩემი წასვლის დროა, რადგან ჰოლდინგის ხელმძღვანელობა, არხთან დაკავშირებით, სხვა გეგმებზე ფიქრობს, რაც ჩემთვის საინტერესო აღარ არის. თუმცა, მადლობა მათ ამ შესაძლებლობისა და წელიწადნახევრიანი თავგადასავლისთვის. ჰო, ახალ ამბებში ყველა დღე თავგადასავალია. და მადლობა მაყურებელს – მათ ვინც ამ შრომის შემფასებელიცაა და დამფასებელიც. პ.ს. ზოგჯერ სახლში უნდა დაჯდე და გარედან შეხედო ამბებს, ზოგჯერ ეს აუცილებელიცაა, რადგან ახალი ამბები ხომ არასოდეს სრულდება”, – წერს ფუტკარაძე

კომენტარები

კომენტარი