ვახტანგ ჭარაია: სასიხარულოა, რომ საქართველო კვლავაც ინარჩუნებს და აძლიერებს ლიდერის პოზიციებს

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019″ წლის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება მნიშვნელოვანი მოვლენაა.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ჯამურად, შემოსული 18.3 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციებიდან 40 პროცენტი (7.4 მილიარდი დოლარი) სწორედ ევროკავშირიდანაა შემოდინებული, ამიტომ ევროპული ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ საქართველოს დაწინაურება ევროპელ ინვესტორებს კიდევ უფრო მეტად გაუძლიერებს საქართველოში ინვესტირების სტიმულს.
დუინგ ბიზნესის, ეკონომიკური თავისუფლების, საერთაშორისო გამჭვირვალობის, უსაფრთხოებისა და სხვა მრავალი მიმართულებით წარმატებასთან ერთად, ყოველ ახალ რეიტინგში საქართველოს წინსვლა მის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს. ყველაფერთან ერთად სასიხარულოა, რომ საქართველო კვლავაც ინარჩუნებს და აძლიერებს ლიდერის პოზიციებს როგორც კავკასიაში, ისე მთლიანი ევროპის მასშტაბითაც. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უპირატესობების სრულად ასათვისებლად და ინვესტორების სწორედ საქართველოში გადმოსაბირებლად”, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019″ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის. 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 1.98 პუნქტით გაუმჯობესდა და 71.0 ქულა შეადგინა. ამ შედეგით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პორტუგალია, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, სლოვენია, კვიპროსი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი და სხვა. კვლევაში გამოყენებულია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები