ირაკლი ზარქუა: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, დედაქალაქს აქტიური წელი ექნება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დედაქალაქში დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, 2019 წელს თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი, რომელთა დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერით ხდება, რაც დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს.
„წელს თბილისის ბიუჯეტი უპრეცენდენტოდ მაღალია და ის მილიარდ ლარს აჭარბებს. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ტრანსფერი, რომელიც ამ პროექტების განსახორციელებლად არის განსაზღვრული, როგორც წესი წლის შუა პერიოდში ირიცხება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის აქტიური პერიოდი ზაფხულია და იმისთვის, რომ სამუშაოები ამინდების გამოსვლასთან ერთად დაიწყოს, საჭიროა ტენდერები დროულად გამოცხადდეს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიამ ძალიან აქტიურად იმუშავა საფინანსო სექტორთან სპეცტრანსფერის მიღებამდე, გახსნას საკრედიტო ხაზი 62 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მოგვცემს წინასწარი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ რამდენიმე პროექტი აღნიშნა, რომელთა განსახორციელებლადაც აღნიშნული თანხა დაიხარჯება. ეს პროექტებია: გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია, ორბელიანის და გუდიაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია, მეტეხის ხიდთან არსებული ისტორიული ხიდის აღდგენა.
„ეს ნიშნავს, რომ დედაქალაქს წელს ყველაზე აქტიური წელი ექნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად შევძლებთ ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტების განხორციელებას ჩვენს ქალაქში“,- დასძინა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები