თეა წულუკიანი: სააკაშვილის, მისი გუნდისა და ორგანიზატორების მოვალეობა იყო, განსხვავებული აზრი მოესმინათ

სააკაშვილის, მისი გუნდისა და ორგანიზატორების მოვალეობა იყო, რაც უნდა მიუღებელი ყოფილიყო განსხვავებული აზრი, მოესმინათ, ან, თუ არ მოუსმენდნენ, შემწყნარებელი პოზიცია მაინც ჰქონოდათ“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ბელგიის ქალაქ ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. თუმცა, ამ შეხვედრას ემიგრანტების ნაწილი ვერ დაესწრო. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს განსხვავებული აზრი, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე – უცხოეთში. მით უმეტეს, როდესაც ეს უცხოეთი არის დემოკრატიული ქვეყანა – ბელგია და მისი ერთ-ერთი ქალაქი: „როგორც ადრეც ითქვა, მათი სტილი არ არის განსხვავებული აზრის მოსმენა, შეწყნარება. ნათლად ვნახეთ, რომ იმავე მეთოდებით ცდილობენ საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის ჩახშობასა და დაუშვებელი მეთოდების გამოყენებას. რა თქმა უნდა, ეს მათთვისვე არის საზიანო. შესაბამისად, ბევრი არაფერი შეიძლება ითქვას, რადგან აბსოლუტურად არასერიოზული და მიუღებელი მოვლენები ვიხილეთ მათი მხრიდან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში, 10 თებერვალს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიეჟში იმყოფებოდნენ, აგრეთვე, „ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოდან ჩასული ლიდერები და აქტივისტები. შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები