საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრს შეხვდა

0

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, ელექტრონული სერვისები და ელექტრონული მმართველობა, ღია და გამჭვირვალე მთავრობა, ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, ბლოკჩეინის სისტემის დანერგვა ქონებრივი უფლებების დასაცავად − ქართული წარმატებული რეფორმების შედეგები თეა წულუკიანმა ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრს, ლოვრო კუშჩევიჩს გააცნო. როგორც “კვირას” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ხორვატიის დელეგაცია თბილისში სახელმწიფო მმართველობის სფეროში დანერგილი ინოვაციური სისტემების შესწავლის მიზნით იმყოფება. ხორვატიის მთავრობის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს ელექტრონული სერვისები და ელექტრონული მმართველობა წარმოადგენს. დელეგაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრი მასპინძლობს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის თემას დაეთმო. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ელექტრონული მმართველობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, დისტანციურად, უფრო სწრაფად და გამარტივებულად მიიღონ სახელმწიფო სერვისები. მისი მიზანია საჯარო უწყებებში შიდა პროცესების გაციფრულება და მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზება.
ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრი, ამ საკითხით, ჯერ კიდევ, გასული წლის ნოემბერში დაინტერესდა. ხორვატიაში ვიზიტისას, თეა წულუკიანთან შეხვედრაზე ლოვრო კუშჩევიჩმა სურვილი გამოთქვა, უფრო დეტალურად გაცნობოდა ამ სერვისს და გაეზიარებინა საქართველოს გამოცდილება. პასუხად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგას ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვაში დახმარება შესთავაზა და ის საქართველოში დაპატიჟა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატ კოლეგას სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მას იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რაიონების, პატარა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლების მაცხოვრებლებისთვის, რათა ისინი გამუდმებით გრძნობდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას სახელმწიფოსა და მთავრობისაგან.
იუსტიციის მინისტრმა, აგრეთვე, ელექტრონულ პლატფორმაზე ისაუბრა− პორტალ my.gov.ge-ზე, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით, ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება 408 სახელმწიფო უწყებიდან. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც. ინოვაციური პროექტების მიმართულებით კი, მან ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის სისტემის დანერგვის მნიშვნელობას საკუთრების მართვისა და მიწის უფლებების რეგისტრაციის გამჭვირვალობისა და დაცულობისათვის. ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრი, გუშინ, მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ის თბილისის იუსტიციის სახლსაც დაათვალიერებს. დელეგაცია საქართველოს 13 თებერვალს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი