ლევან დავითაშვილი: ვფიქრობთ, რომ კიდევ უნდა წავახალისოთ თხილის და ზოგადად, კაკლოვანი კულტურების წარმოება

0

 

„ვფიქრობ, „თხილის დაცვის პროგრამაში“ წარმოდგენილია ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ მაღალი ხარისხის მოსავალი“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ჩვენ მრავალი ათასი ფერმერი უნდა ჩავრთოთ ამ პროგრამაში. საბოლოოდ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თხილი, რომელიც მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურა იყო და შემოსავლის დიდი წყარო ამ რეგიონისთვის, დაიბრუნოს თავისი პოზიცია. თხილი არის მსოფლიოში მზარდი მოთხოვნის კულტურა, საქართველოს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გააჩნია ამ კულტურის წარმოების კარგი პოტენციალი. ჩვენ, დღეს, დაახლოებით 40,000 ჰა_ზე მეტი თხილის პლანტაცია გვაქვს. შესაბამისად, თუ გვექნება მაღალი პროდუქტიულობა, ისეთი, როგორიც თხილის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს გააჩნიათ, ეს იქნება შემოსავლის დიდი წყარო ქვეყნისათვის და რეგიონისთვის.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა გავზარდოთ პროდუქტიულობა და პლანტაციების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა. ვფიქრობთ, რომ კიდევ უნდა წავახალისოთ თხილის და, ზოგადად, კაკლოვანი კულტურების წარმოება. ჩვენ მრავალწლიანი კულტურების გაშენების პროგრამაში ინტენსიურად ვუჭერთ მხარს კაკლოვანი კულტურების გაშენებას მთელი საქართველოს მასშტაბით. საბოლოოდ, საქართველო მსოფლიო ბაზარზე, კაკლოვანი კულტურების მიწოდების კუთხით, შეიძლება, მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი