ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობას. ცენტრი აშენდება თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში. მისი სამუშაო ფართი დაახლოებით 10 000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრზე მეტი.
მას შემდეგ რაც, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდება და მიღებული იქნება საავადმყოფოს სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გამოაცხადებს მშენებლობის ტენდერს.
პროექტისთვის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები