შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმებას იწყება – რა ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან კანონდამრღვევები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 14 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ​‘’ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები.
სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა-შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას სამ ეტაპად გაახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას, გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. გამეორებითი შემოწმებისას, სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება. სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.
სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად, ხანძრით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა იზრდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ყველა შენობაში დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, რამაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა უზრუნველყოს . 2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა ტრავმა მიიღო. ქვეყნის მასშტაბით, განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის, საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილს. სამსახურის ინტერესში არ შედის სანქციების გატარება. მთავარი ინტერესია, ყველგან იყოს დაცული მოქალაქეების სიცოცხლე. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის, გასცეს კვალიფიციური რეკომენდაციები და დააწესოს გონივრული ვადები პრობლემების აღმოსაფხვრელად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია და არ შეუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, -ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები