ე.წ. 2-ლარიან გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით, “საქართველოს ფოსტა” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ფოსტა” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ტარიფის დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
“პირველ რიგში, გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ სარგებლობთ „საქართველოს ფოსტის” მომსახურებით. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის შეფასება, რისთვისაც მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს, ვეცნობით რეკომენდაციებს და შენიშვნებს. რის შემდეგაც, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ყოველი მათგანი, რათა მოგაწოდოთ ხარისხიანი სერვისი. გულწრფელად ვწუხვართ, თუ თითოეულ აღნიშნულ შემთხვევაში გამოვიწვიეთ თქვენი უკმაყოფილება, თუმცა ჩვენ განვიხილავთ თითოეულ მათგანს და ვზრუნავთ, რათა სრულყოფილი მომსახურება გაგიწიოთ. იმედი გვაქვს, სულ მალე შევძლებთ აღმოვფხვრათ ყველა პრობლემა, რაშიც გვეხმარება თქვენი რეკომენდაციები.
რაც შეეხება, მომხმარებელთა უკმაყოფილებას ე.წ. 2-ლარიანი გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ „საქართველოს ფოსტისთვის“ მეტად მტკივნეული იყო ტარიფის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა განპირობებული იყო საერთაშორისო საფოსტო რეგულაციების ცვლილებებით, რომლებმაც, თავის მხრივ, გამოიწვიეს „საქართველოს ფოსტის“ დანახარჯების ზრდა გარკვეული ტიპის (საქონლის შემცველი საერთაშორისო გზავნილები) საფოსტო გზავნილების მომსახურებაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს საფოსტო ოპერატორს, რომლის ფუნქციაც არის საფოსტო გზავნილების მიღება, დახარისხება და ჩაბარება. საფოსტო რეგულაციების მიხედვით, საფოსტო გზავნილად მიიჩნევა ერთი პირის მიერ მეორესთვის (მიუხედავად იმისა ნივთი მეგობრის მიერ გამოგზავნილი საჩუქარია თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი ნივთია) საფოსტო ქსელის გამოყენებით გაგზავნილი ნივთი, მიუხედავად იმისა თუ რა ღირებულებისაა ის.
სწორედ აღნიშნული გახლავთ იმის მიზეზი, რომ საფასური დაწესდა, არა გზავნილის შიგთავსის ღირებულების მიხედვით, არამედ თითოეულ გზავნილზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო საფოსტო რეგულაციებთან, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საფოსტო ოპერატორები და მათ შორის, „საქართველოს ფოსტაც“ ახორციელებს თავის საქმიანობას.
რაც შეეხება, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ „საქართველოს ფოსტა“ მაქსიმალურად ცდილობს სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის მიერ გამოთქმული შენიშვნა თუ პრეტენზია, რამეთუ ის გვეხმარება მომსახურების ხარისხის უფრო მეტად გაუმჯობესებაში.
დასასრულს იმედს გამოვთქვამთ, რომ გაგებით მოეკიდებით აღნიშნულ საკითხს და მომავალშიც გააგრძელებთ „საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობას”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები